Accessibility links

„ფრონტერა“ აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა კონტრაქტს დროებით ინარჩუნებს


ამერიკულ კომპანია “ფრონტერაში” აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტას კვლავ შეეცდება და მანამდე ამ მცდელობას მხოლოდ დროებით აჩერებს.

„საქართველოს მთავრობამ მედიასა და აშშ-ს ოფიციალურ პირებს სრული ისტორიის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. პრემიერ - მინისტრის მიერ განცხადების გაკეთებიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, გამოგვიგზავნეს იურიდიული შეტყობინება, სადაც მითითებული იყო, რომ იგი კვლავ შეეცდება ჩვენი ხელშეკრულების გაუქმებას და მხოლოდ "დროებით შეაჩერებს" ამ მიზნის განხორციელების მცდელობებს“,- ნათქვამია „ფრონტერას“ წერილში.

კომპანია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვს , რათა მიეცეთ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა ახალი პირობების გარეშე. კომპანია აღნიშნავს, რომ არ არსებობდა 27 ივლისს ან სხვა დროს ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების საფუძველი. ამასთან კომპანია აპრილიდან მოითხოვდა საქართველოს მთავრობასთან შეხვედრას, რაზეც უარს იღებდნენ.

„ახლა, მას შემდეგ, რაც მაღალი თანამდებობის პირები აკეთებენ საჯარო განცხადებებს,ჩვენს კომპანიასთან შეხვედრის მცდელობის გარეშე, ჩვენ მშვიდად გვიგზავნიან სრულიად საწინააღმდეგო შეტყობინებას იმისთვის, რომ ჩვენი ბიზნესის დაშინება განაგრძონ. საქართველოს მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის ნორმალური ქცევა, როდესაც საქმე ეხება აშშ-ის კერძო სექტორის უმსხვილეს ინვესტორთან მუშაობას. ეს ნამდვილად არ არის წამახალისებელი რეკლამა ამერიკის კერძო სექტორის იმ პოტენციური ინვესტორებისთვის, რომლებიც დაშინების ამ სახალხო თეატრს აკვირდებიან.

სპექტაკლი, რომელიც დასრულდა ცილისმწამებლური მედიაკამპანიით, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი კომპანიის დაცინვას და ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით ყალბი განცხადებების გავრცელებას.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას საარბიტრაჟო სასამართლოს ბოლოდროინდელი განჩინება, პატივი სცეს ჩვენი ხელშეკრულების პირობებს, გამართოს ჩვენთან კონსტრუქციული შეხვედრა და მოგვცეს გარანტია, რომ მუშაობის გაგრძელებას საფრთხეების, დაშინებისა და ახალი პირობების გარეშე შევძლებთ,“- ნათქვამია „ფრონტერას“ წერილში.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 23 ივლისის განცხადებით საარბიტრაჟო დავის მოგების მიუხედავად, მთავრობამ გადაწყვიტა, აღარ მოშალოს კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.

მთავრობის გადაწყვეტილება ახსნილი იყო იმით, რომ ​საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია და უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან ურთიერთობა.

„ფრონტერას“ ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილი მოიხსენიებდა საქართველოში ამერიკული ბიზნესის შევიწროების მაგალითად.

საქართველოს მთავრობამ „ფრონტერასთან“ კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ 2020 წლის აპრილში განაცხადა და საფუძვლად დაასახელა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება.

სახელმწიფოს და „ფრონტერას“ დაპირისპირების მიზეზებზე წაიკითხეთ აქ.

საქართველოს ნავთობის და გაზის სააგენტომ 27 ივლისს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ შესაძლოა, თავად გაასაჯაროოს საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება ამერიკულ კომპანია „ფრონტერასთან“ დავის შესახებ.

საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ კეთილი ნება გამოავლინა და საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების მიუხედავად, „ფრონტერასთან“ კონტრაქტი შეინარჩუნა, კომპანიამ გაავრცელა უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადება, რომლის მიზანი კვლავაც რეალობის დამახინჯება და ფაქტების მიჩქმალვა იყო.

თავის მხრივ საქართველოს ნავთობის და გაზის სააგენტოს ეს განცხადება რეაქცია იყო „ფრონტერას“ მიერ 23 ივლისს გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც მან დეზინფორმაციული კამპანიის გაგრძელებად შეაფასა საქართველოს მთავრობის განცხადება კომპანიასთან კონტრაქტის შენარჩუნების შესახებ.

„ფრონტერამ“ მოუწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, შეწყვიტონ გამიზნული სიცრუის, ზიანის მიყენების და თვალთმაქცობის პრაქტიკა და ამის ნაცვლად დაიწყონ კომპანიასთან პატიოსნად ურთიერთობა და ამ გზით შეუწყონ ხელი ნამდვილი პარტნიორობის სულისკვეთებას.

მაისში, „ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენის“ თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ზაზა მამულაიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არ ეწინააღმდეგებიან გადაწყეტილების გასაჯაროებას, მაგრამ 152-გვერდიანი დოკუმენტის გასაჯაროება რთულია, რადგან ბევრ საიდუმლო კომერციულ და პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს: „ამიტომ, სანამ ამ ყველაფერს იურიდიულად გავწმინდავთ ისე, რომ შესაძლებელი იყოს დარჩენილი დოკუმენტის გასაჯაროება, ამას დასჭირდება დრო. ამიტომ ბევრჯერ მივმართეთ კორპორაციას და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივი განცხადების გაკეთების წინადადებით, რაზეც რამდენჯერმე უარი მივიღეთ“.

როგორც სააგენტო BMG წერდა, „ფრონტერასთან“ დავის გამო არბიტრაჟში ინტერესების დასაცავად ქართულმა მხარემ ბრიტანულ-ამერიკული იურიდიული კომპანია Hogan Lovells International-ი დაიქირავა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ჯამური საპროგნოზო ღირებულება 7.4 მილიონი აშშ დოლარი იყო.

ამასთან, ზაზა მამულაიშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ სახელმწიფომ „ფრონტერასთან“ წამოწყებული დავის გამო იურისტებს და ექსპერტებს 42 მილიონი ლარი გადაუხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG