Accessibility links

ამერიკის სამოქალაქო უფლებების მოძრაობის საკულტო ფიგურის, ჯონ ლუისის კუბო დღეს აშშ-ის კაპიტოლიუმში იქნება დასვენებული


ჯონ ლუისი

ამერიკის სამოქალაქო უფლებების მოძრაობის საკულტო ფიგურისა და კონგრესმენის, ჯონ ლუისის კუბო, რომელსაც აშშ-ის დროშა ექნება გადაფარებული, 28 ივლისს დასვენებული იქნება აშშ-ის კაპიტოლიუმში. ამით პატივი მიეგება მის წვლილს სამოქალაქო უფლებების დაცვაში.

ხალხი რიგში ჩადგა, რათა პატივი მიაგოს ლუისს მას შემდეგ, რაც მისი კუბო კაპიტოლიუმში მიასვენეს 27 ივლისს.

კორონავირუსის საფრთხის გამო ლუისს პატივს მიაგებენ შენობის გარეთ, კაპიტოლიუმის კიბეებზე. პანდემიის გამო მკაცრად იქნება დაცული სოციალური დისტანცირება.

ლუისი 17 ივლისს გარდაიცვალა 80 წლის ასაკში, პანკრეასის კიბოთი.

ის დემოკრატიული პარტიის წევრი იყო და 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა ჯორჯიის შტატს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში.

კაპიტოლიუმში გამართულ ცერემონიაზე პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ 27 ივლისს ლუისს უწოდა „სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ტიტანი“, რომელიც მოგვიანებით იქცა „აშშ-ის კონგრესის სინდისად“.

სამოქალაქო უფლებების მოძრაობის პირველ ხანებში ლუისი მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა აშშ-ის სამხრეთში.

ლუისის სიკვდილი ემთხვევა პერიოდს, როცა ამერიკა მოიცვა რასობრივი უთანასწორობის წინააღმდეგ მიმართულმა საპროტესტო გამოსვლებმა, რაც მოჰყვა მაისში აფრიკელი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს პოლიციის მიერ დაკავების შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG