Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის მთავარი ინფექციონისტის თქმით, ვითარება "ძალზე საგანგაშოა"


ლოთარ ვილერი
ლოთარ ვილერი

დაავადებათა კონტროლის სფეროში გერმანიის უმაღლესი რანგის ოფიციალურმა პირმა მოსახლეობას მიმართა თხოვნით, დისციპლინა დაიცვან კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელთა ზრდის პირობებში.

ვითარება „ძალზე საგანგაშოა“, განაცხადა რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ლოთარ ვილერმა 28 ივლისს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან ჰიგიენის წესები, რომლებიც ინფექციისგან თავის დასაცავადაა დაწესებული - სოციალური დისტანცირება, პირბადეების ხმარება და ხელების ხშირი ბანა.

ვილერმა გააკრიტიკა ისინი, ვინც სერიოზულად არ უყურებს პანდემიას, განსაკუთრებით - წვეულებებში მონაწილეები, რომლებსაც „უგუნურები“ უწოდა.

ვილერის თქმით, ძალზე ადრეა იმის თქმა, არის თუ არა ეს ინფექციის მეორე ტალღის დასაწყისი, მაგრამ მას ეს არ გამოურიცხავს.

გასული კვირის ბოლოს 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა გერმანიაში 800-ს გადააჭარბა. მანამდე ეს მაჩვენებელი 300-სა და 500-ს შორის მერყეობდა. დღეისთვის შემთხვევათა რაოდენობამ შედარებით იკლო.

როგორც იტყობინებიან, მათი უმრავლესობა აღირიცხა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიისა და ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალურ მხარეებში.

გერმანიაში თანდათან მოიხსნა მრავალი ზომა, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებით იქნა შემოღებული მარტის შუა რიცხვებიდან.

ივნისში მან ასევე საზღვრები გაუხსნა რამდენიმე ქვეყანას. ახალი კანონით, მაღალი რისკის შემცველი ქვეყნებიდან შინ დაბრუნებულმა გერმანელებმა სავალდებულო ტესტირება უნდა გაიარონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG