Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი აშშ-სგან ელის კიდევ უფრო მკვეთრ პოზიციებს, დიპლომატიური ენის გარეშე


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებისაგან საქართველოს ხელისუფლების კიდევ უფრო მკვეთრ კრიტიკას ელის. ვიდეომიმართვაში, რომელსაც სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის წარმომადგენლებს დიპლომატიური ენა არ ესმით და მათთან მკვეთრად ჩამოყალიბებული, ზუსტი ფორმულირებებითაა საჭირო საუბარი:

„სიმართლეა, რომ ამერიკელებიც და მთლიანად დასავლეთი სულ უფრო კრიტიკულია ივანიშვილის და მისი რეჟიმის მიმართ, მაგრამ მე მინდა ვთქვა, მაინც გამოიყენება დიპლომატიური ენა. და ივანიშვილს და მის დამქაშებს არ ესმით დიპლომატიური ენა და ენის მოჩლექვა. არ ესმით. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე მოველი ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, როგორც ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია აქვს კონტაქტები ამერიკაში და დიდი მეგობრობა მაკავშირებს ამ ქვეყანასთან, მე მოველი კიდევ უფრო მკვეთრ ჩამოყალიბებას პოზიციის და ნათლად განმარტებას იმისა, რომ საქმე გვაქვს ბოლომდე კორუმპირებულ, პრორუსულ რეჟიმთან, რომელიც ანადგურებს საკუთარ ხალხს, ჩართულია ათასგვარ საეჭვო კომბინაციებში და ვნებს ქართველი ხალხის ინტერესებს და ვნებს მათ შორის ამერიკის და დასავლეთის ინტერესებს ჩვენს რეგიონში“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბრიდან მეორე დღეს, 28 ივლისს აქვეყნებს. ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ტენდენცია სწორია, მაგრამ საჭიროა მეტად მკვეთრი პოზიციები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს შორის 27 ივლისს სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.

სახელმწიფო მდივანმა დაჟინებით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რათა განაგრძოს ძალისხმევა საქართველოს სასამართლო სისტემის განსამტკიცებლად, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და გამოთქვა გაფრთხილება საქართველოს სასამართლო და საარჩევნო სისტემების პოლიტიზების შესახებ“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის თანაშემწის, კეილ ბრაუნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას შორის გამართულ სატელეფონო საუბარს შეეხება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ საუბარში ასევე გაუსვა ხაზი „თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების“ ჩატარებისა და ცოტა ხნის წინ მიღებული საკონსტიტუციო რეფორმების „განუხრელად დაცვის“ მნიშვნელობას; „აღნიშნა, რომ თანაბარი პირობები დემოკრატიული არჩევნების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატმა გაავრცელა მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შორის გამართული სატელეფონო საუბრის შინაარსი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საუბრისას „მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს და საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოხატულ უკმაყოფილებას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2-ჯერ დაიბარეს უკრაინის ელჩი საქართველოში.

„მისი ყოველი განცხადება იმით მთავრდება, რომ უკრაინის ელჩს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იწვევენ და გამოხატავენ უკმაყოფილებას ბატონი სააკაშვილის განცხადებების გამო. დისბალანსი იმაში მდგომარეობს, რომ კერძო პირი საუბრობს და ამის გამო ბოდიშებს სახელმწიფო იხდის“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი სიტყვებით, უკრაინა საქართველოსთან მეგობრობას აფასებს,

„საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია მაქსიმალურად მკაფიოა: ბატონი სააკაშვილი კერძო პირია და საქართველოს შესახებ თავის კომენტარებში არ წარმოადგენს უკრაინის პოზიციას“, - განაცხადა დმიტრი კულებამ 14 ივლისს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG