Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში დაასახელეს კორონავირუსზე დეზინფორმაციის გასავრცელებლად რუსეთის მიერ გამოყენებული საიტები


რუსეთის სპეცსამსახურები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ რამდენიმე ინგლისურენოვან საიტს. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება შეერთებული შტატების დაზვერვის ანგარიშზე დაყრდნობით.

ამ დოკუმენტის თანახმად, რუსეთის სამხედრო დაზვერვამ გამოიყენა სულ მცირე სამი საიტი InfoRos.ru, Infobrics.org და OneWorld.press, სადაც ბოლო ხანს 150-ზე მეტი სტატია გამოქვეყნდა შეთქმულების თეორიის პროპაგანდის, აშშ-ის უარყოფით კონტექსტში წარმოჩენის და რუსეთისთვის დადებითი იმიჯის შექმნის მიზნით. მათ შორისაა პუბლიკაციები ჩინეთის მტკიცებაზე, რომ ახალი სახეობის კორონავირუსი, როგორც ბიოლოგიური იარაღი ამერიკულ სამხედრო ლაბორატორიაში შეიქმნა და რუსეთის მიერ აშშ-ის დასახმარებლად გაგზავნილ სამედიცინო აპარატურაზე.

ინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის განკუთვნილი დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული პუბლიკაციების ორგანიზატორებად დასახელებულნი არიან დენის ტიურინი და ალექსანდრ სტარუნსკი, რომლებსაც ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, კავშირი აქვთ რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან.

სააგენტო AP წერს, რომ ტიურინს და სტარუნსკის წარსულში მაღალი თანამდებობები ეკავათ რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის სამმართველოში.

New York Times-ის ინფორმაციით, ამერიკული სპეცსამსახურები იძიებენ კიდევ ერთი ინტერნეტ-გამოცემის Strategic Culture Foundation-ის კავშირებს რუსეთის საგარეო დაზვერვასთან.

რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან InfoRos-ის и One World-ის შესაძლო კავშირები 2020 წლის ივნისში შეისწავლა ბრიუსელში ბაზირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ EU DisinfoLab-მაც. მისმა კვლევამ აჩვენა, რომ გარკვეული ტექნიკური დეტალების მიხედვით, ამ საიტებს კავშირი აქვთ რუსეთის სახელმწიფოსთან. ასევე, გამოვლინდა ფინანსური კავშირები InfoRos-სა და რუსეთის მთავრობას შორის. ამ საიტის ადმინისტრაციამ სიცრუე უწოდა ინფორმაციას რუსეთის დაზვერვის სამსახურთან მისი კავშირის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG