Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა სამხედრო მანევრების დასკვნით დღეს


ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა (IRGC) მიწისქვეშა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა ფართომასშტაბიანი წვრთნისას, ჰორმუზის სრუტეში, სადაც სწავლების ლეგენდით ირანელმა სამხედროებმა, როგორც სამიზნე, შეიყვანეს აშშ-ის ავიამზიდის ყალბი ასლი.

იუწყებიან, რომ ერთი დღით ადრე წვრთნაში მონაწილე შვეულმფრენებმა რაკეტები დაუშინეს აშშ-ის ავიამზიდის მაკეტს, ხოლო 29 ივლისს იგივე მანევრი განხორციელდა დრონების მეშვეობით.

ყატარში მდებარე ამერიკული ცენტრალური სამხედრო სარდლობის ცნობით, ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გაშვების გამო, საჭირო გახდა არაბთა გაერთიანებულ საამიროს ალ-დაფრას ბაზაზე განლაგებულ ამერიკულ ქვედანაყოფსა და ალ-უდეიდის საავიაციო ბაზაზე საბრძოლო განგაშის გამოცხადება. სამხედროებმა სპეციალური სამალავებს მიაშურეს.

„ინცინდენტი რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და როცა ცხადია გახდა, რომ საფრთხემ გადაიარა, საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა“, - განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა, ბეტ რიორდანმა.

ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) განცხადებით, 28 ივლისს დაიწყო დასკვნითი ეტაპი ფართომასშტაბიანი მანევრებისა, რომელიც სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში ერთბაშად მიმდინარეობს.

წვრთნაში, რომლის სახელწოდებაცაა „უდიდესი წინასწარმეტყველი“ (Payambar-e Azam 14), IRCG-ის სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების გარდა მონაწილეობენ ასევე სახმელეთო ძალები, შესაბამისი შეიარაღებითა და ტექნიკით.

ერთი დღით ადრე, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ (Maxar Technologies) გაავრცელა თანამგზავრით გადაღებული ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ირანელ სამხედროებს ჰორმუზის სრუტეში შეყვანილი ჰყავთ ამერიკული ავიამზიდის ასლი.

თეირანი, რომელიც გადაჭრით ეწინააღმდეგება ამერიკული და დასავლური სამხედრო გემების ყოფნას სპარსეთის ყურეში, ხშირად მართავს მსგავს სამხედრო თამაშებს სტრატეგიულ ყურესა და სრუტეში, რომლის გავლითაც გაედინება ზღვებით გადაზიდული ნედლი ნავთობისა და სხვა საწვავის 30%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG