Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომან გოცირიძე: გამარჯვებისთვის აუცილებელია რეგიონებში საკუთარი კანდიდატების დაყენება


რომან გოცირიძე
რომან გოცირიძე

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განმარტებით, პარტია თითქმის ყველა რეგიონში მაჟორიტარობის საკუთარ კანდიდატს დააყენებს და ტექნიკურ დათვლასა და არითმეტიკაში მონაწილეობას არ მიიღებს:

„თუ იქნება ცალკეული გამონაკლისები, რაღაც მოსაზრებით და თუ დავინახავთ, რომ ეს საერთო გამარჯვებას შეუწყობს ხელს, ამაზე შეიძლება კონსულტაციების გამართვა, მაგრამ პრინციპი რომ არ შეიცვლება, ეს არაერთხელ გვქონდა გაცხადებული“, - უთხრა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ „ევროპული საქართველოს“ შეთავაზების კომენტირებისას. მისი განმარტებით, გამარჯვების ფორმულის მთავარი ნაწილი პროპორციული სიაა:

„ნუ გვავიწყდება, რომ მანდატების 80 პროცენტი ნაწილდება პროპორციული სიით. აქ გამარჯვება იქნება უკვე საწინდარი მეორე ტურში თითქმის ყველგან ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგებისა. არა მაჟორიტარული ოლქია გამარჯვების, ასე ვთქვათ, ფორმულის მთავარი ნაწილი, არამედ პროპორციული სია, როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია იღებს იმაზე მეტ ხმას, ვიდრე ქართული ოცნება და მისი სატელიტი თუ სატელიტები.

მარცხდები პროპორციულ სიაში? მოდის ახალი ხელისუფლება და მეორე ტურში, ფაქტობრივად, როგორც არაერთხელ გვინახავს, რჩება გამარჯვება იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც იგებს პროპორციულ სიას. აი, ეს არის ჩვენი პრინციპი. ეს გზა მიგვიყვანს გამარჯვებამდე, დანარჩენი გზა არის უბრალოდ მანდატების განაწილებაში ვაჭრობა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, მაჟორიტარს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა საარჩევნო კამპანიის ამუშავებაში და, შესაბამისად, პროპორციული სიის კუთხით გამარჯვებაში, რაც, თავის მხრივ, საწინდარი იქნება მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში გამარჯვებისთვისაც.

"ევროპულმა საქართველომ" "ნაციონალურ მოძრაობას" მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების დასაყენებლად თანამშრომლობა და ორი გზა შესთავაზა. 28 ივლისს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ შეთავაზება იყო, 11 დიდ ქალაქში "ნაციონალურ მოძრაობას" დაესახელებინა კანდიდატები და 8 შედარებით მომცრო სამაჟორიტარო ოლქში - იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც თბილისში საერთო კანდიდატებზე შეჯერდნენ. გარდა ამისა, ბოკერიას თქმით, თუ შეთანხმება ვერ შედგებოდა, არსებობდა კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც, 12 მაჟორიტარული ოლქი 8/4-ზე პროპორციით "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის გადანაწილდებოდა.

ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობა", თბილისში 8 მაჟორიტარი კანდიდატის შერჩევისას გაერთიანდნენ და 6 ოლქში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი დაასახელეს. "ევროპული საქართველო" ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე რეგიონებშიც შეთანხმდნენ. "ნაციონალური მოძრაობა" 22-ვე მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატების დასახელებას აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG