Accessibility links

რაჭაში სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს კიდევ 30 მოქალაქე, მათ შორის, სამი ბავშვი


საქართველოს მთავრობის პირველადი ინფორმაციით, რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე - რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.

სამაშველო ოპერაციაში ჩართული არიან თბილისის განსაკუთრებულ შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების ბაზის მაშველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით სტიქიის ზონიდან, სოფელ გლოლადან გამოყვანილია დამატებით 30-მდე მოქალაქე, მათ შორის 3 მცირეწლოვანია. მათი ნაწილი ადგილობრივია, ნაწილი კი სტიქიით დაზარალებულ სოფელში ტურისტულად იმყოფებოდა. ამასთან, სტიქიის ზონაში დარჩენილ მოქალაქეებს, საჭიროების შესაბამისად, ადგილზე მიეწოდათ მედიკამენტები და საკვები პროდუქტები.

„სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა. ამ დროისათვის, მამისონის 118-ე კილომეტრზე უკვე მოწყობილია შემოვლითი გზა, მიმდინარეობს სამუშაო დამატებითი ტექნიკის გადასასროლად, თუმცა სამუშაოების შესრულებას რთული რელიეფი აფერხებს“, - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც საქართველოს მთავრობა იტყობინება, ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას წყალი ავარიულ რეჟიმში მიეწოდება და წყალმომარაგების დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, მაგისტრალური ქსელის დაზიანების შედეგად წყლის გარეშე დარჩენილ 400 აბონენტს სასმელი წყალი ცისტერნებით მიეწოდება.

არსებული მონაცემებით, მდინარე რიონის ადიდების შედეგად დაზიანებულია სოფელი ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის გამო ჩავიდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG