Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი რურუას საქმეზე განაჩენს სასამართლო 30 ივლისს გამოაცხადებს


გიორგი რურუა
გიორგი რურუა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული გიორგი რურუას საქმის განხილვა. სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ გიორგი რურუას საქმეზე განაჩენს მოსამართლე 30 ივლისს, 11:00 საათზე, გამოაცხადებს.

სასამართლომ დღეს, 29 ივლისს, დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა მოისმინა. „ვინც ოლიგარქის წინააღმდეგ გამოვდივართ, ვართ პოლიტიკური დევნის მაგალითები. ჩემ წინააღმდეგ გააყალბეს მტკიცებულებები“, - თქვა გიორგი რურუამ. როგორც ის ამბობს, „ოლიგარქიული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებიდან" მისი წინასწარ გამოცხადება დამნაშავედ, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება მას.

რურუა განმარტავს, რატომ გახდა ხელისუფლების სამიზნე. „ეს არის დამოუკიდებელი ტელევიზიის აქციების შეძენა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის მხარდაჭერა, ასევე მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება დღევანდელი მთავრობის მიმართ. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ უნდა რუსეთის იმპერიის ჩრდილში ყოფნა. გასაგებია. სწორედ, ამ ჩრდილში ყოფნას უშლის ხელს თავისუფალი მედია“, - აღნიშნა გიორგი რურუამ და დაამატა, - „რა არის დღევანდელი მთავრობის პოლიტიკა? ეს არის ჩვენი საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების გაცურების, მოტყუების პოლიტიკა. მე მინდა მეგობარ ელჩებს დიდი მადლობა გადავუხადო 8 მარტის ისტორიული დოკუმენტის მიღებაში“.

ბრალდებული სასამართლო პროცესს ცინიკურ ფარსად აფასებს და ამბობს, რომ მას არ ჰქონდა სასამართლოზე მტკიცებულებების წარდგენის უფლება, რაც მის უდანაშაულობას დაამტკიცებდა. „მე არ მქონდა ადვოკატის დასწრების უფლება, ჩხრეკის დროსაც კი“, - შენიშნავს ის.

რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი დარწმუნებულია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არ იქნება სამართალზე, კანონსა და მის შინაგან რწმენაზე დაფუძნებული.

„მთავარი არხის“ წილის მფლობელი გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. ადვოკატების პოზიციაა, რომ რურუას იარაღი პოლიციამ ჩაუდო, საქმე გაყალბებულია და არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. რურუას ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ რურუას გათავისუფლება იყო საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ მმართველ პარტიაში, ისევე, როგორც გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას.

ბოლო თვეებში საქართველოს ხელისუფლებას რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდა აშშ-ის კონგრესის და ევროპარლამენტის არაერთმა წარმომადგენელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG