Accessibility links

აშშ უახლოეს კვირებში დაიწყებს გერმანიიდან ჯარების ნაწილის გაყვანას


პენტაგონის შენობა ვაშინგტონში

აშშ უახლოესი კვირების განმავლობაში დაიწყებს ევროპაში თავისი ჯარების დისლოკაციის შეცვლას, რომლის დროსაც გერმანიიდან გაიყვანენ დაახლოებით 11900 ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს. ამის შესახებ ოთხშაბათს განაცხადა პენტაგონმა.

გერმანიიდან აშშ-ის სამხედროთა ერთი ნაწილის გაყვანის შესახებ ადრე გამოცხადდა. ამას ითხოვდა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ოთხშაბათს თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა ზოგიერთ დეტალზე ისაუბრა.

ესპერის თქმით, გერმანიიდან აშშ-ში დაბრუნდება დაახლოებით 6400 ჯარისკაცი, 5400-ს კი გადაიყვანენ ევროპის სხვა ქვეყნებში - ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთში, შავიზღვისპირა რეგიონში. პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მათი ნაწილი შეიძლება ამ ქვეყნებშიც გადავიდეს. ესპერმა აღნიშნა, რომ დისლოკაციის შეცვლის ერთ-ერთი მიზანია რეგიონში „რუსეთის შეკავების“ გაძლიერება.

აშშ-ის სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ ევროპაში აშშ-ის შტაბბინა შესაძლოა გადაიტანონ გერმანიიდან ბელგიაში, სადაც მდებარეობს ნატოს შტაბბინა.

გერმანიაში ამჟამად 34500 ამერიკელი სამხედრო იმყოფება. ადრე იტყობინებოდნენ, რომ დისლოკაციის შეცვლის შემდეგ იქ 25 ათასამდე სამხედრო დარჩება.

ტრამპის ზოგიერთმა ოპონენტმა გააკრიტიკა ტრამპის გადაწყვეტილება გერმანიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე. შეშფოთება გამოხატა ნატოს წევრმა ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG