Accessibility links

ლუკაშენკამ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია რუსეთის "ბინძური ჩანაფიქრის" გამო


ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ ოთხშაბათს საღამოს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია ქვეყნის ტერიტორიაზე სამი ათეული უცხოელი დაქირავებული მეომრის, ძირითადად რუსეთის მოქალაქეების, დაკავებასთან დაკავშირებით.

ლუკაშენკამ მომხდარს „საგანგებო ვითარება“ უწოდა. მისი თქმით, ამჟამად რუსეთი ცდილობს, „როგორმე გაამართლოს თავისი ბინძური ჩანაფიქრი“.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბელარუსის ხელისუფლება მიზნად არ ისახავს, „ჩირქი მოსცხოს ახლობელ“ ქვეყანას. მან განკარგულება გასცა კგბ-ს ხელმძღვანელს, ვალერი ვაკულჩიკს, უფრო დეტალურად გაერკვეს ვითარებაში.

როგორც იტყობინებიან, რუსეთის საელჩომ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან უკვე მიიღო ოფიციალური შეტყობინება რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების დაკავების შესახებ.

წუხელ ბელარუსის სპეცსამსახურებმა მინსკის მახლობლად დააკავეს 30-ზე მეტი ადამიანი, სავარაუდო რუსეთის მოქალაქეები და ე.წ. „კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის“ მეომრები. ბელარუსის ხელისუფლების თანახმად, მთლიანობაში ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდა 200-ზე მეტი მებრძოლი „საარჩევნო კამპანიის პერიოდში ვითარების დესტაბილიზაციისთვის“. თავის მხრივ რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ განაცხადა, რომ დაკავებულები შესაძლოა ბელარუსის გავლით სუდანში ან ლიბიაში მიემგზავრებოდნენ იქ საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დაკავების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG