Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ გიორგი რურუას პატიმრობას არჩევნები დაასრულებს


სალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ გიორგი რურუა ბიძინა ივანიშვილის საპატიმროში დარჩება არა 4 წელს, არამედ რამდენიმე თვეს, რადგან რამდენიმე თვეში მიაღწევენ არა მხოლოდ რურუას გათავისუფლებას, არამედ ქვეყანაში პოლიტიკური ძალაუფლების შეცვლასაც.

„იმიტომ, რომ არ შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის კი არა, ყველა მოქალაქისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, რა პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა ჰქონდეს მას, სახიფათო არის ესეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც სასამართლო არის მართლა რაღაცა კენგურუს სასამართლოდ გადაქცეული, რომელიც პირდაპირ ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სალომე სამადაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი რურუას დამნაშავედ ცნობის შემდეგ.

სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ უახლოეს თვეებში დასავლელი პარტნიორები ხელისუფლებაზე განახორციელებენ „ძალიან ადეკვატურ ზეწოლას“ არა მხოლოდ რურუას გასათავისუფლებად, არამედ იმისთვისაც, რომ ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და „ჩავანაცვლოთ ხელისუფლება და შევცვალოთ პოლიტიკური რეალობა“.

დღეს, 30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. რურუა თავს დამნაშავედ არ ცნობს, დაკავებას პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს და აცხადებს, რომ იარაღი პოლიციამ ჩაუდო. მისმა ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს და თქვეს, რომ დღევანდელ განაჩენს გაასაჩივრებენ.

გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. მას ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ რურუას გათავისუფლება იყო საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ მმართველ პარტიაში, ისევე, როგორც გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას.

ბოლო თვეებში საქართველოს ხელისუფლებას რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდა აშშ-ის კონგრესის და ევროპარლამენტის არაერთმა წარმომადგენელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG