Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია: მოუწევთ გიორგი რურუას გამოშვება, არ მოუწევთ, გადაიხდიან დიდ ფასს


ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას თქმით, ოპოზიცია განაგრძობს ბრძოლას იმისთვის, რათა გიორგი რურუა პატიმრობიდან გათავისუფლდეს. მისი თქმით, არსებობს გიორგი რურუას გათავისუფლების საშუალებები, რასაც სჭირდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნება. მისივე თქმით, თუ მმართველი ძალა ამ ნებას არ გამოამჟღავნებს, მაშინ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს:

„ზუსტად ისევე, როგორც არ უნდოდათ წინა პოლიტპატიმრების გამოშვება, მაინც საბოლოო ჯამში მოუწევთ, არ მოუწევთ, გადაიხდიან დიდ ფასს. გიორგი რურუა არის ძალიან ყოჩაღად იმიტომ, რომ მან იცის, რომ ის არის დღეს მსხვერპლი, ის არის პოლიტიკური დევნილი, პოლიტიკური პატიმარი, ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ ეს სისტემა დაინგრეს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ, რომლის თქმითაც, ყველასთვის ნათელია, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს და ამ საქმეში ის არის მსხვერპლი:

"ყველა ერთხმად საქართველოს ეუბნება, რომ მორჩით პოლიტიკურ დევნას. ეს არჩევნები არ იქნება ნორმალური არჩევნები, თუ არ მორჩება პოლიტიკური დევნა - ეს უთხრა პომპეომ გახარიას, ამაზე ლაპარაკობენ სენატორები, აბსოლუტურად ყველა. გიორგი რურუა არა თუ გამოვა იქიდან, არამედ მოუგებს კიდევაც სახელმწიფოს და სისტემას და ფასს გადაიხდის ძალიან ძვირს „ქართული ოცნება“ - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას მიმართ გამოტანილი განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

დღეს, 30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. რურუა თავს დამნაშავედ არ ცნობს, დაკავებას პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს და აცხადებს, რომ იარაღი პოლიციამ ჩაუდო. მისმა ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს და თქვეს, რომ დღევანდელ განაჩენს გაასაჩივრებენ.

გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. მას ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ რურუას გათავისუფლება იყო საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ მმართველ პარტიაში, ისევე, როგორც გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას.

ბოლო თვეებში საქართველოს ხელისუფლებას რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდა აშშ-ის კონგრესის და ევროპარლამენტის არაერთმა წარმომადგენელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG