Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლების და საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა შეხვედრა


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში დაიწყო ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 96-ე შეხვედრა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოითხოვენ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული სამი მოქალაქის, ზაზა გახელაძის, ხვიჩა მღებრიშვილის და გენადი ბესტაევის უპირობოდ გათავისუფლებას.

კორონავირუსის პანდემიის გამო, შეხვედრა ღია სივრცეში მიმდინარეობს. მხარეთა წარმომადგენლებს დამცავი ნიღბები აქვთ. თერმოსკრინინგი ჩაუტარეს ერგნეთში მყოფ ჟურნალისტებსაც. დღევანდელ შეხვედრაში პირველად მონაწილეობს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი.

შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ მედიას უთხრა, რომ დადგება უკანონო პატიმრობიდან სამი თანამოქალაქის უპირობოდ გათავისუფლების საკითხი, რათა ისინი დროულად დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე, ხვიჩა მღებრიშვილი და გენადი ბესტაევი თავდაპირველად ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, დაკავებულებს ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ, თუმცა, გახელაძის, მღებრიშვილის და ბესტაევის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნაც დაიწყეს.

საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ივლისში დაკავებული, სოფელ ზემო ჭალის მკვიდრი ზაზა გახელაძე და მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს ბრალად სდებს სამხედრო მოსამსახურეზე შეიარაღებულ თავდასხმას და სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას. დაკავებისას გახელაძე ფეხში დაჭრეს.

ხვიჩა მღებრიშვილს „საზღვრის“ დარღვევის გარდა ადანაშაულებენ წითელ წიგნში შეტანილი სახეობების კონტრაბანდაში. დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, მღებრიშვილი „ლუგარის ლაბორატორიისთვის“ ღამურების ჭუპრების შეგროვებას აპირებდა.

სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები გენადი ბესტაევი ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 2019 წლის ნოემბერში დააკავეს, ბრალად დასდეს ნარკოტიკების კონტრაბანდაც და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ბესტაევი ცხინვალის ციხეში იმყოფება.

ერგნეთში დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე ირაკლი ანთაძემ მედიას უთხრა, რომ უკანონო პატიმრების გათავისუფლების გარდა, განიხილავენ ბოლო შეხვედრის შემდეგ მომხდარ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რომელიც აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და ასევე, თავისუფლად გადაადგლების ხელოვნურად შეზღუდვის პრობლემას.

ერგნეთის შეხვედრა 11 თვეა აღარ გამართულა. ბოლო, 2019 წლის 29 აგვისტოს შეხვედრა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების ულტიმატუმის გამო ჩაიშალა. ოსური მხარე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან გახსნილი ქართული პოლიციის საგუშაგოს აღებას მოითხოვდა, რაზეც უარი მიიღო. სექტემბერში რამდენიმე ტექნიკური შეხვედრა ჩატარდა, თუმცა უშედეგოდ. ამას მოჰყვა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატით განიხილება პრობლემური საკითხები, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონოდ დაკავება, ე.წ. ბორდერიზაცია, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები გლეხების მიერ მიწის უსაფრთხოდ დამუშავების უზრუნველყოფა, სარწყავი წყლით სოფლების მომარაგება და ა.შ.

ერგნეთის შეხვედრის თანათავმჯდომარეები არიან საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი რუდოლფ მიხალკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG