Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კიდევ ერთ კონგრესმენს დაუდგინდა კორონავირუსი, კაპიტოლიუმში პირბადეების სავალდებულო ხმარება შემოიღეს


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრები. წინ: სპიკერი ნენსი პელოსი.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრები. წინ: სპიკერი ნენსი პელოსი.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესის კიდევ ერთ წევრს აღმოაჩნდა კორონავირუსის ინფექცია, კაპიტოლიუმში პირბადეების სავალდებულო ხმარება შემოიღეს.

შესაბამისი განკარგულება გასცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ.

პელოსის თქმით, პირბადის გამოუყენებლობა სერიოზული დარღვევაა და კონგრესის წევრებს შეიძლება დაატოვებინონ დარბაზი, თუკი ისინი პირბადეების გარეშე იქნებიან. პირბადეების დროებით მოხსნა შესაძლებელი იქნება სიტყვით გამოსვლისას.

პელოსიმ ეს განკარგულება 29 ივლისს გასცა მას შემდეგ, რაც ტეხასელმა კონგრესმენმა ლუი გომერტმა განაცხადა, რომ კორონავირუსზე ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ტესტის შედეგის გამო რესპუბლიკელი გომერტი იძულებულია, უარი თქვას პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად ტეხასში გამგზავრების გეგმაზე. ის კონგრესის მინიმუმ მე-10 წევრია, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG