Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი: შემაშფოთებელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა


ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი
ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოხატავს იმ ფაქტით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ომბუდსმენის სასარჩელო მოთხოვნა და არ დააკმაყოფილა სარჩელები, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს შეეხებოდა:

„უკიდურესად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა და არ გააუქმა ის ნორმა, რომელიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების წარდგენა მოხდეს საქართველოს პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სასარჩელო მოთხოვნაში სახალხო დამცველი მიუთითებდა, რომ მოქმედი სისტემა ვერ უზრუნველყოფს შერჩევის სამართლიან პროცედურებს, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატები შეირჩევა ფარული კენჭისყრით და გადაწყვეტილება არ საბუთდება, რაც შესაძლებელს ხდის საბჭოს წევრთა მიერ ისეთი კანდიდატების შერჩევას, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის კრიტერიუმებს. ამგვარი პროცედურა კი ართულებს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და მიკერძოების შემთხვევების გამოვლენის შესაძლებლობას, რაც არღვევს მოსამართლეობის კანდიდატთა საჯარო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციურ უფლებას.

სახალხო დამცველი განმარტავდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევა წარმოდგენს არა კონკურსს, არამედ პოლიტიკურ-სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რაც გამორიცხავს მასზე საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცული უფლების ფარგლების გავრცელებას. ამასთან, კონსტიტუციის მოთხოვნას წარმოადგენს არა საუკეთესო, არამედ იმ კანდიდატის შერჩევა, რომელიც აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმებს.

თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა:

"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების არსებული კონსტიტუციური მოდელი, მისი შემადგენლობა, გადაწყვეტილების მიღების წესი, მიუთითებს, რომ ამ ორგანოს, მისი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, შესწევს უნარი, კანდიდატთა შერჩევის პროცესში იხელმძღვანელოს მარტოოდენ კონსტიტუციის მოთხოვნებით. ამასთან, აღნიშნულ პროცესში საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა უმაღლეს ლეგიტიმაციას სძენს მოსამართლის თანამდებობაზე განწესებულ პირებს".

"საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის რამდენიმე ეტაპის არსებობა და ყველა ეტაპზე კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის გამოკვლევისა და ინდივიდუალურად შეფასების შესაძლებლობა, საბოლოოდ, განაპირობებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის კანდიდატთა წარდგენის შესახებ სათანადო გადაწყვეტილების მიღებას. ამასთან, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო კოლეგიური ორგანოა, მისი გადაწყვეტილება არ საბუთდება".

"კენჭისყრის ფარულობა, ძირითადად, ემსახურება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიმღები პირის დაცულობას. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა, რატომ უზრუნველყოფს კენჭისყრის ღიაობა პროცესის უფრო მეტად კონსტიტუციურ ფარგლებში წარმართვას, ვიდრე ფარულობა".

საკონსტიტუციო სასამართლოს ვებსაიტზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში დაერთვება მოსამართლეების: ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის, თეიმურაზ ტუღუშისა და თამაზ ცაბუტაშვილი განსხვავებული აზრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG