Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესმენები: საქართველოს ხელისუფლება ავიწროებს აშშ-ის ბიზნესს


მიმდინარე კვირაში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ექვსმა წევრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში არსებული ვითარების გამო.

„მოგმართავთ, რათა კვლავ გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში დემოკრატული მმართველობის დაღმასვლისა და პოტენციური კორუფციის გამო“, - წერენ კონგრესმენები.

27 ივლისით დათარიღებულ წერილში საუბარია 1991 წლის შემდეგ საქართველოს მიერ განვლილ გზაზე, მნიშვნელოვან რეფორმებზე გლობალური სავაჭრო პარტნიორობის განვითარების, თავდაცვის სფეროსა ურთიერთობების განმტკიცებისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიმართულებით.

„მაგრამ“, ვკითხულობთ წერილში, „მას შემდეგ, რაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია „ქართული ოცნება“, კვლავ უკუსვლა შეინიშნება“.

წერილის ავტორთა თქმით, სახელმწიფო მდივნის კოლეგებთან საუბრის შემდეგ ისინი დარწმუნდნენ, რომ „სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველ ღონეს ხმარობს, რათა თვალყური ადევნოს მდგომარეობის სულ უფრო გაუარესებას კერძო სექტორში ინვესტიციების სფეროში, განსაკუთრებით აშშ-ის კომპანიებისთვის, და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისა და ნატოს წევრობისკენ სწრაფვის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით“.

კონგრესის წევრები პომპეოს სთხოვენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან მომავალი შეხვედრებისას გაითვალისწინოს მათი წუხილი რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით.

„საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომლის სათავეშია პარტია „ქართული ოცნება“, მანიპულირებას უწევს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, ის ცდილობს, განდევნოს აშშ-ის ბიზნესი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში შეაქვს წვლილი ამერიკისა და საქართველოს ეკონომიკაში. ეს კეთდება კერძო სექტორში რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მზარდი ინვესტიციების სასარგებლოდ“, - წერენ კონგრესმენები.

ისინი ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ „საქართველოს შავი ზღვის პორტებთან დაკავშირებული ქმედებები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს“. წერილის ავტორთა თქმით, ხდება ამერიკული კომპანიების გამორიცხვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორთა და მფლობელთაგან და ხელი ეშლება რუსეთისა და ჩინეთის გავლენისგან საქართველოს დაცვას.

პომპეოსადმი წერილში კონგრესის წევრები საქართველოსთან დაკავშირებით ასევე აცხადებენ, რომ არასაკმარისად ხდება აშშ-ის სანქციების გატარება ირანისა და რუსეთის მიმართ, „განსაკუთრებით და სპეციფიკურად - პორტთან მიმართებით და ამასთან დაკავშირებული კერძო სექტორის სხვა ინვესტიციების კონტექსტში“.

წერილის ავტორები ასევე წუხილს გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ „საქართველოს პარლამენტს ჯერაც არ მიუღია საარჩევნო რეფორმის კანონი, რომელსაც საკვანძო მნიშვნელობა აქვს 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარებისთვის“. (საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 29 ივნისს მიიღო მესამე მოსმენით.)

აშშ-ის სახელმწიფო მდივნისადმი გაგზავნილ წერილს ხელს აწერენ კონგრესის წევრები: ჯოდი არინგტონი, მარკუეინ მალინი, ბილ ფლორესი, უილ ჰარდი, ბრაიან ბეიბინი და რენდი უებერი.

საქართველოში ამერიკული კომპანიების შევიწროებაზე შეშფოთება, რაც აშშ-ის კონგრესის წევრებს არაერთხელ გამოუთქვამთ, პირველ რიგში ეხება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს და ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერას“.

მსგავსი წერილით აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებმა მაისშიც მიმართეს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს.

წერილში, რომელიც კონგრესმენმა ტედ კრუზმა გაავრცელა, კონკრეტულად დასახელებული იყო „ფრონტერასა“ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ მონაწილე აშშ-ის კომპანია Conti International-ის შემთხვევები. კონგრესმენების აზრით, საქართველოს ხელისუფლება საგანგებოდ მოქმედებს საქართველოში ამერიკის ბიზნესინტერესების წინააღმდეგ, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ 2014 წელს შეიქმნა. მან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ტენდერში 2016 წლის დასაწყისში გაიმარჯვა.

მას მერე, რაც გართულდა ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასა და კონსორციუმს შორის, მისმა ძირითადმა უცხოელმა წევრმა, აშშ-ის კომპანია „Conti International“-მა 2019 წლის აგვისტოში კონსორციუმის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტს, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა არ შედის რუსეთის ინტერესებში.

საქართველოს მთავრობას ანაკლიის პორტის ასაშენებლად ახალი ტენდერი დღემდე არ ჩაუტარებია.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და მისმა ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა 29 ივლისს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები შეიტანეს და პროექტში თავიანთი დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვენ.

საქართველოს მთავრობის მიმართ ვაშინგტონის მწვავე კრიტიკის ნაწილი ამერიკულ ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერას“ უკავშირდება.

„ფრონტერა” საქართველოში 1997 წლის შემდეგ მუშაობს დედოფლისწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. „ფრონტერა“ ამტკიცებს, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის იმდენად დიდი მარაგები აქვს, რომ ენერგორესურსების ექსპორტის დაწყებაც კი შეუძლია.

„ფრონტერასა“ და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით გართულდა 2013 წლიდან. ხელისუფლება ამერიკულ კომპანიას კონტრაქტის დარღვევაში ედავება, „ფრონტერა“ კი საქართველოს სახელმწიფო კომპანიისა და სააგენტოსგან 3,5 მილიარდი აშშ დოლარის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

2018 წლის 15 იანვარს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალს მიმართეს.

საქართველოს მთავრობასა და „ფრონტერას“ შორის დავის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი სალიცენზიო ტერიტორიაა - სახელმწიფო ამბობს, რომ „ფრონტერამ”, კონტრაქტის შესაბამისად, მისი 99 პროცენტი უნდა დათმოს, ამერიკული კომპანია კი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება მას რესურსებით მდიდარ ტერიტორიას ართმევს.

2020 წლის აპრილში საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში საქმე მოიგო.

23 ივლისს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ „ფრონტერასთან“ დავის მოგების მიუხედავად, ქვეყანა კომპანიასთან ხელშეკრულებას არ გაწყვეტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG