Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის შეხვედრა: ოფიციალურ განმარტებაში ღამურების თემა არ ფიგურირებს


სოფელ ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 96-ე შეხვედრა. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა თქვა, ბედნიერია იმით, რომ ჩატარდა შეხვედრა და მასში ყველა მონაწილეობდა. მას ფასილიტაციას შჩიგელთან ერთად უწევდა ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი რუდოლფ მიხალკა.

შეხვედრა რეგულარულ ფორმატში 2019 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად გაიმართა. როგორც შჩიგელი ამბობს, მონაწილეები მიესალმნენ მას, როგორც ახალ თანაფასილიტატორს. დიპლომატის თქმით, მონაწილეებმა იმსჯელეს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, შეეხნენ სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციის თემებს. გარდა ამისა, განხილვის თემა იყო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე არსებული ვითარების გავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე.

შჩიგელის ინფორმაციით, საუბრის თემა იყო ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე უსაფრთხოების მდგომარეობა; უკანასკნელი დაკავებების საქმეები; ასევე სხვა გადაუჭრელი მნიშვნელოვანი ინციდენტები.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რეგულარულ ფორმატში. მომდევნო შეხვედრის გამართვის სავარაუდო თარიღია 24 სექტემბერი.

შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძემ თქვა, რომ განიხილეს ბოლოდროინდელი ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი. დაკავებულთა თემაზე ანთაძე ამბობს: „ჩვენ მოვითხოვეთ დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე, პასუხები, რაც მივიღეთ უკვე ნათქვამი ჰქონდათ და ახალი არაფერი დაუმატებიათ. როგორც ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის, ასევე გენადი ბესტაევთან დაკავშირებით. ჩვენი მოთხოვნა გავაცანით, რომ ისინი უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ. კონსულტაციების წარმოებაზე უარი არ უთქვამთ და ამაზე აუცილებლად გაგრძელდება დიალოგი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება სექტემბერში“.

რაც შეეხება საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, ირაკლი ანთიძის თქმით, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ზაზა გახელაძე თავს კარგად გრძნობს. მას უტარდება გეგმიური სამედიცინო მომსახურება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „ეს არის ძალიან რთული და შრომატევადი პროცესი. გარანტიებზე საუბარი არის ნაადრევი“, - შენიშნავს ის.

ანთიძის თქმით, მღებრიშვილის საკითხზე დაისვა კონკრეტული შეკითხვა, ე.წ. ბრალი რა ფორმით იყო ინკრიმინირებული? „მიღებული პასუხის მიხედვით, მას ე.წ. ბრალი ედება უკანონო საზღვრის უკანონო კვეთაში. რაც შეეხება ღამურების ეპიზოდს, ჩვენ ვერ მივიღეთ დადასტურება, რომ მღებრიშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადგილობრივი ფლორის ხელყოფის მცდელობას“, - აღნიშნა მან.

შეხვედრაზე ცალკე განხილვის თემა იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის ირგვლივ განვითარებული პროცესები. „ ეს არ ყოფილა დაკავშირებული უკანონო პატიმრების გათავისუფლების საკითხთან. ის ცალკე ბლოკად განვიხილეთ, ამაზე კონსულტაციები აუცილებლად გაგრძელდება. პროცესი არის რთული და შრომატევადი, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ გადავავლებთ თვალს ყველა ფაქტს, რაც კი მომხდარა, უკანონოდ დაკავებული ყველა ჩვენი მოქალაქე დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს“, - დაამატა ირაკლი ანთიძემ.

ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ფეხში დაჭრეს და დააკავეს.

ხვიჩა მღებრიშვილს კი „საზღვრის“ დარღვევის გარდა ადანაშაულებენ წითელ წიგნში შეტანილი სახეობების კონტრაბანდაში. დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, მღებრიშვილი „ლუგარის ლაბორატორიისთვის“ ღამურების ჭუპრების შეგროვებას აპირებდა.

სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები გენადი ბესტაევი ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 2019 წლის ნოემბერში დააკავეს, ბრალად დასდეს ნარკოტიკების კონტრაბანდაც და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ბესტაევი ცხინვალის ციხეში იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG