Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გააპროტესტეს გიორგი რურუასთვის მისჯილი თავისუფლების აღკვეთა


მოძრაობების „გაბედეს“ და „შეცვალეს“ ორგანიზებით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გააპროტესტეს „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუასთვის გამოტანილი განაჩენი.

„ანტისაოკუპციო აქციების აქტიურ მხარდამჭერსა და მონაწილეს გიორგი რურუას დღეს უკანონოდ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მთელი განვითარებული სამყარო, საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორები აშშ და ევროკავშირი თანხმდებიან, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და ამას ღიად საკუთარ განცხადებებში აფიქსირებენ. გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებით ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” 8 მარტის შეთანხმება არ შეასრულეს, რაც ნიშნავს იმას რომ წინასაარჩევნო გარემო და არჩევნების დღე რეპრესიებისა და ძალადობის ფონზე ჩაივლის“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

დღეს, 30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. რურუა თავს დამნაშავედ არ ცნობს, დაკავებას პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს და აცხადებს, რომ იარაღი პოლიციამ ჩაუდო. მისმა ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს და თქვეს, რომ დღევანდელ განაჩენს გაასაჩივრებენ.

გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. მას ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ რურუას გათავისუფლება იყო საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ მმართველ პარტიაში, ისევე, როგორც გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას.

ბოლო თვეებში საქართველოს ხელისუფლებას რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდა აშშ-ის კონგრესის და ევროპარლამენტის არაერთმა წარმომადგენელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG