Accessibility links

უკრაინის პირველი პრეზიდენტი, კრავჩუკი უხელმძღვანელებს ეროვნულ დელეგაციას სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში


ლეონიდ კრავჩუკი

კრავჩუკმა ამ პოსტზე შეცვალა, დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ასევე ყოფილი პრეზიდენტი, ლეონიდ კუჩმა, რომელმაც ეს თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კანცელარიამ 28 ივლისს განაცხადა, რომ კუჩმამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს ჯგუფში მუშაობა. ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

კრავჩუკის დანიშვა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა.

თავის მხრივ ლეონიდ კრავჩუკი აცხადებს, რომ, თუ რამე შეუძლია, ის არაფერს დაიშურებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს დონბასში მშვიდობის დამყარებას.

ლეონიდ კრავჩუკი 86 წლისაა. იგი 1990 წელს ხელმძღვანელობდა საბჭოთა უკრაინას, როგორც მაშინდელი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 1991 წლის დეკემბერში ის აირჩიეს დამოუკიდებელი უკრაინის პირველ პრეზიდენტად. კრავჩუკმა უკრაინის სახელით, ხელი მოაწერა ცნობილ ბელოვეჟის შეთანხმებას სსრკ-ის დაშლის შესახებ.

26 ივლისის ღამით დონბასში ძალაში შევიდა მორიგი საზავო შეთანხმება. კონფლიქტის მხარეებმა განაცხადეს, რომ მზად არიან სრულად შეწყვიტონ ცეცხლი.

დონბასის შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა 2014 წლის მარტში. კიევი და დასავლეთის ქვეყნები რუსეთს ბრალს სდებენ სეპარატისტების იარაღით დახმარებაში.

რუსეთი აცხადებს, რომ არაფერი აქვს საერთო კონფლიქტთან და რომ შესაძლოა რუსეთიდან ზოგიერთი „მოხალისე“ ჩავიდა დონბასში საბრძოლველად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG