Accessibility links

მაიკ პომპეო: „ყველაფერს გავაკეთებთ“, რომ შევაჩეროთ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი


მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, ამერიკელ კანონმდებლებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ აშშ სანქციებს დაუწესებს იმ ფირმებს, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან ევროპასთან დამაკავშირებელი გაზსადენის - „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ გაზსადენი საფრთხეს არ უქმნის ევროპას“, - განაცხადა სენატში გამართულ მოსმენაზე მაიკ პომპეომ. „ჩვენ გვსურს, რომ ევროპას ჰქონდეს ნამდვილად დაცული, სტაბილური, უსაფრთხო ენერგორესურსები, რომელიც არ შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ამას რუსეთი მოინდომებს“.

პომპეომ სენატორებს აუწყა, რომ აშშ-მა უკვე აცნობა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე ფირმებს იმ რისკის შესახებ, რაც მათ ელოდებათ ამ საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში.

უფრო ადრე, აშშ სანქციებით დაემუქრა იმ კომპანიებსა და ინდივიდუალურ პირებს, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან გერმანიასთან დამაკავშირებელი, 11 მილიარდ დოლარად შეფასებული, გაზსადენის მშენებლობაში, რომლის დარჩენილი ბოლო კილომეტრების მშენებლობისათვის რუსეთი ძალ-ღონეს არ იშურებს.

„ან ახლავე გაეთრიეთ, ან შედეგების საფრთხე გელოდებათ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 15 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულ ახალ სანქციებზე საუბრის დროს.

ევროპის ხომალდებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ მშენებლობაში, დეკემბერში შეაჩერეს საქმიანობა მას მერე, რაც აშშ-ის სანქციები დაწესდა მათ წინააღმდეგ.

რუსეთს იმედი აქვს, რომ მშენებლობას დაასრულებს თავისი გემების გამოყენებით, რამაც აშშ-ს უბიძგა, თავდაცვითი ხარჯების კანონპროექტში ჩაერთო დამატება, რომლის ძალით სანქციები გავრცელდება არა მხოლოდ გემებზე, არამედ ნებისმიერ კომპანიაზე, რომელიც რუსეთს ეხმარება მილსადენის მშენებლობის დასრულებაში.

დამატება წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, მაგრამ ახლა საჭიროებს სენატის თანხმობას და შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერას, სანამ ახალ სანქციებს კანონის ძალა მიეცემოდეს.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა არის ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც ბოლო ხანს დაიძაბა ურთიერთობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და ბერლინს შორის.

თეთრმა სახლმა ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება გერმანიიდან 12 500 ამერიკელი ჯარისკაცის გამოყვანისა და ნატოს სხვა ევროპის მოკავშირე ქვეყნებში განლაგების შესახებ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG