Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ს კანონი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს - DRI-ის კვლევა


დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა საგამოძიებო უწყებების უფლებამოსილების ფარგლების შესწავლის შემდეგ აცხადებს, რომ სუს-ს კანონი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. კვლევის პრეზენტაცია ორგანიზაციამ დღეს, 31 ივლისს გამართა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამოვლენა, ავტომატურად არ უნდა იყოს შესაბამის ქმედებაზე უსაფრთხოების სამსახურის მანდატის გავრცელების საფუძველი ყოველგვარი დამატებითი წინაპირობების გარეშე", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მათივე განმარტებით, საგამოძიებო უწყებების მიერ გამოძიების დაწყების მსგავსი კრიტერიუმები ფუნქციების დუბლირებასაც იწვევს, რისი შედეგიც რესურსების არარაციონალურად განაწილებაა.

"რიგ შემთხვევაში უსაფრთხოების სამსახურს არა მარტო შეუძლია გასცდეს თავისი საქმიანობის მიზნებს და შეითავსოს პოლიციის ანალოგიური ფუნქციები, არამედ არსებული წესების თანახმად ევალება კიდეც ამის გაკეთება... სუს-ი იძიებს საქმეებს, რომელთა გამოძიებაც არ არის დაკავშირებული სამსახურის საქმიანობის მიმართულებებთან და შედარებით დაბალი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველია", - ვკითხულობთ კვლევაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს მიაჩნია, რომ საქმის წარმოების დუბლირების გამოსარიცხად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მხოლოდ ის საქმეები უნდა გამოიძიოს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება ან კავშირშია მათი სამსახურის მუშაობასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG