Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსმა კიევს გადასცა მინსკთან დაკავებული უკრაინის მოქალაქეების სია


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება

ბელარუსმა კიევს გადასცა 29 ივლისს მინსკის მახლობლად დაკავებული იმ პირების სია, რომელთა ნაწილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს. ამის შეახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა 31 ივლისს. მისი თქმით, უკრაინის მხარე ამოწმებს, მონაწილეობდნენ თუ არა ისინი დონბასში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში სეპარატისტების მხარეს.

კულებას არ დაუზუსტებია ბელარუსში დაკავებული უკრაინელების ზუსტი რიცხვი, მაგრამ აღნიშნა, რომ ისინი შვიდნი არ არიან, როგორც ამას ადრე იტყობინებოდნენ.

29 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის სპეცსამსახურებმა 30-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე დააპატიმრეს. მედიის თანახმად, ისინი სავარაუდოდ ეკუთვნიან „კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერს“. ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტი გამოთქვამს ეჭვს, რომ დაკავებულები მასობრივ არეულობებს ამზადებდნენ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ. გამოითქმის ასევე ვარაუდები, რომ დაკავებულები შესაძლოა ბელარუსის გავლით სუდანში ან ლიბიაში მიემგზავრებოდნენ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის.

ბელარუსში რუსეთის ელჩმა დმიტრი მეზენცევმა განაცხადა, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქეები არიან დაცვის კერძო ფირმის თანამშრომლები. ისინი სტამბოლში მიემგზავრებოდნენ კომერციული კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად. მეზენცევის თქმით, მათ მინსკში თვითმფრინავზე დააგვიანეს და რამდენიმე დღით სანატორიუმში შესახლდნენ. დაკავებისას გადაღებულ კადრებზე ჩანს შესახლების ბლანკი, რომელიც 30 ივლისამდეა დაჯავშნილი.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მოსკოვი „ბინძურ ჩანაფიქრში“ დაადანაშაულა. რუსეთის სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ განაცხადეს, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული ბელარუსის დესტაბილიზაციით.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა რუსეთის მოქალაქეების დაკავებას უსაფუძვლო უწოდა. მისი თქმით, მინსკის მოქმედება არ ჯდება მოკავშირეთა ურთიერთობების პარამეტრებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG