Accessibility links

2020 წლის მეორე კვარტალში ევროზონის ეკონომიკა 12,1%-ით შემცირდა წინა კვარტალთან შედარებით


მიმდინარე წლის მეორე კვარტალში იმ 19 ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც ევროზონაში შედის, 12,1%-ით შემცირდა წინა კვარტალთან შედარებით. ეს ყველაზე დიდი ვარდნაა ევროზონის არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში.

ასეთი მკვეთრი ვარდნის მიზეზად ეკონომისტები ასახელებენ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებულ შეზღუდვებს. მეორე კვარტლის ბოლოს ევროზონის უმეტეს ქვეყანაში მათი დიდი ნაწილი გაუქმდა ან შემსუბუქდა.

ევროკავშირის ყველა 27 წევრი ქვეყნის ეკონომიკა მეორე კვარტალში 11,9%-ით დაეცა პირველ კვარტალთან შედარებით. საკარანტინო ზომები უკვე პირველი კვარტლის ბოლოს იქნა შემოღებული. გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით ვარდნა უფრო დიდია - 14,4%.

ყველაზე დრამატული ვარდნა მოხდა ესპანეთში, რომლის ეკონომიკა 18,5%-ით შემცირდა. გერმანიაში, სადაც პანდემიით გამოწვეული სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად დაბალია, ვარდნა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია - დაახლოებით 10%.

ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნები ახლახან შეთანხმდნენ 750 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდის შექმნაზე ეპიდემიის შედეგებთან გასამკლავებლად. დაზარალებული დარგების მხარდასაჭერ ზომებს იღებენ ეროვნული მთავრობებიც.

ევროკავშირის წევრთა უმეტესობაში ეპიდემიის გამო მკაცრი საკარანტინო ზომები შემოიღეს, შეზღუდულია საწარმოებისა და დაწესებულებების მუშაობა, განსაკუთრებით - მომსახურების სფეროში. ახლა ამ შეზღუდვების უმეტესობა გაუქმებულია, მაგრამ ინფექციის ახალი შემთხვევების ზრდის გამო შესაძლოა ხელახლა შემოიღონ მათი ნაწილი მაინც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG