Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ბელარუსში დაკავებული უკრაინელი "მებრძოლების" ექსტრადიციის მოთხოვნას აპირებს


უკრაინის გენერალური პროკურატურა ამზადებს ბელარუსისადმი მოთხოვნას მინსკის მახლობლად დაკავებული „მებრძოლების ექსტრადიციაზე, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი.“

დაკავებულთა შორის უკრაინის ცხრა მოქალაქეა. უკრაინა ამ პირების გადმოცემის მოთხოვნას აპირებს, რათა გაასამართლოს ისინი დონბასის კონფლიქტში მონაწილეობასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის.

29 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის სპეცსამსახურებმა 30-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე დააპატიმრეს. მედიის თანახმად, ისინი სავარაუდოდ ეკუთვნიან „კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერს“. ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტი გამოთქვამს ეჭვს, რომ დაკავებულები მასობრივ არეულობებს ამზადებდნენ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ. გამოითქმის ასევე ვარაუდები, რომ დაკავებულები შესაძლოა ბელარუსის გავლით სუდანში ან ლიბიაში მიემგზავრებოდნენ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის.

ბელარუსში რუსეთის ელჩმა დმიტრი მეზენცევმა განაცხადა, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქეები არიან დაცვის კერძო ფირმის თანამშრომლები. ისინი სტამბოლში მიემგზავრებოდნენ კომერციული კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად. მეზენცევის თქმით, მათ მინსკში თვითმფრინავზე დააგვიანეს და რამდენიმე დღით სანატორიუმში შესახლდნენ. დაკავებისას გადაღებულ კადრებზე ჩანს შესახლების ბლანკი, რომელიც 30 ივლისამდეა დაჯავშნილი.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მოსკოვი „ბინძურ ჩანაფიქრში“ დაადანაშაულა. რუსეთის სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ განაცხადეს, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული ბელარუსის დესტაბილიზაციით.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა რუსეთის მოქალაქეების დაკავებას უსაფუძვლო უწოდა. მისი თქმით, მინსკის მოქმედება არ ჯდება მოკავშირეთა ურთიერთობების პარამეტრებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG