Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სალამის" განცხადება: ყურბან-ბაირამის მხოლოდ საქართველოს მუსლიმებისთვის მილოცვა არსებითად საკმარისი არ არის


სამოქალაქო პლატფორმა „სალამმა“ 31 ივლისს, ისლამური ყურბან-ბაირამის სამდღიანი დღესასწაულის დაწყების დღეს, სახელმწიფო ინსტიტუტებს უსაყვედურა, რომ ისინი არასათანადოდ აფასებენ საქართველოში არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დღესასწაულებს, რის გამოც ეს დღესასწაულები „იზოლირებულად, ლოკალურად და ჩუმად აღინიშნება“.

31 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში სამოქალაქო პლატფორმა აღნიშნავს, რომ „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფეისბუკგვერდზე „მშრალი განცხადება“ და ყურბან-ბაირამის მხოლოდ საქართველოს მუსლიმებისთვის მილოცვა არსებითად საკმარისი არ არის“.

„სახელმწიფო უწყებების მიერ არ დაგეგმილა არც ერთი ღონისძიება, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს აუხსნიდა, თუ რას ნიშნავს ყურბან-ბაირამი საქართველოსთვის და არა მხოლოდ საქართველოს მუსლიმებისთვის“, - წერია „სალამის“ განცხადებაში.- „მცირე სივრცეების გარეთ არ გვხვდება პრაქტიკები, სადაც ყველა ვზეიმობთ ერთმანეთის კულტურას და ვქმნით რელიგიური, ეთნიკური, ენობრივი ხაზების გარეთ თანაარსებობის განცდას. აღნიშნული ჩვენს რეალობაში არსებულ სისტემურ და სტრუქტურულ ხარვეზებს და გამოწვევებს აშიშვლებს“.

ისლამური მთვარის კალენდრის მიხედვით, ზულჰიჯას თვის მეათე დღეს, ჰაჯის რიტუალის ბოლოს, მუსლიმები ყურბან-ბაირამს, ანუ მსხვერპლშეწირვის დიდ დღესასწაულს,ზეიმობენ.

„ჩვენთვის ყურბან-ბაირამის დღესასწაული არის გაზიარების, ზრუნვის და ერთმანეთზე დაფიქრების პერიოდი. ეს დღესასწაული ჩვენთვის საკუთარ ინტერესებზე უარის თქმის და კოლექტიურ კეთილდღეობაზე დაფიქრების სამი დღეა...ყურბან-ბაირამის დღესასწაული ასევე შერიგების და კონფლიქტების ტრანსფორმაციის პერიოდია. ამ დროს ოჯახში, თემში და საზოგადოებაში არსებულ წყენებს და ბრაზს ვივიწყებთ და ერთმანეთს შეცდომებს ვაპატიებთ”, - აცხადებს „სალამი", რომელიც მთელ საქართველოს ყურბან-ბაირამს ულოცავს.

საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელების მიერ ჩამოყალიბებული სამოქალაქო პლატფორმის ერთ-ერთი მისიაა ორგანიზება გაუწიოს ეთნიკურ უმცირესობებს, რათა მათ შეინარჩუნონ საკუთარი კულტურული მემკვიდრეობა, ისტორია და იდენტობა. ამ მიმართულებით „სალამი“ ახორციელებს ეთნოტურებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG