Accessibility links

logo-print logo-print

კარანტინში მოქცეული ყარაჯალარის მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნავთლუღის ბაზარში გაყიდვის უფლება მისცეს


ყარაჯალრი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ კარანტინში მოქცეულ სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ე.წ. ნავთლუღის ბაზარში გატანის უფლება მისცა, მკაცრი კონტროლის პირობით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა, 1 აგვისტოს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პროდუქციის სოფლიდან გასატანად 1 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, 10 მიკროავტობუსს გამოყოფენ.

რამაზ ბუდაღაშვილი
რამაზ ბუდაღაშვილი

„მანამდე მიკროავტობუსებს ჩაუტარდება დეზინფექცია. ასევე, ყარაჯალელები, ვინც პროდუქტის გატანას დააპირებს, კორონავირუსზე წინასწარ გაივლიან PSR ტესტს. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მათ ნავთლუღში ბითუმად ვაჭრობის ნებართვას მივცემთ“, თქვა რამაზ ბუდაღაშვილმა. გარდაბნის მუნციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობამ კარანტინის მოხსნის მოთხოვნით 31 ივლისს საპროტესტო აქცია გამართა სოფლის შესასვლელში, სადაც პოლიციის ბლოკპოსტი დგას.

პროტესტის მონაწილეთა ნაწილს კორონავირუსის არ სჯერა; ნაწილის განცხადებით, სოციალურად გაუჭირდათ, რადგან მოსავალს ვერ ყიდიან ან სამუშაოს მოსწყდნენ; სხვების განცხადებით კი, სოფელში ჰუმანიტარული დახმარება არ შეაქვთ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, რომ 3 აგვისტოდან ყარაჯალარში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს - ასეთი კი 85 ოჯახია - დაურიგდებათ სურსათი და ჰიგიენის საშუალებები; დახმარებას მიიღებენ ის პირებიც, ვინც კარანტინის გამო თუნდაც დღიური სამუშაო დაკარგა.

სოფელი ყარაჯალარი, რომელიც რუსთავსა და თბილისს შორის მდებარეობს, 24 ივლისიდან ჩაკეტილია. დღეისთვის სოფელში COVID-19-ით დაავადების შემთხვევები არ გაზრდილა და კვლავ 37-ია. რამაზ ბუდაღაშვილის თქმით, 31 ივლისს სოფლის მცხოვრებთაგან 66 ადამიანის ანალიზი შეისწავლეს და ყველა უარყოფითი აღმოჩნდა. დღეს დამატებით ელოდებიან სხვების სისხლის ანალიზის პასუხებს. ბუდაღაშვილის თქმით, დღეს სოფელში მოსახლეობის ტესტირებას ორი სამედიცინო ბრიგადა აგრძელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG