Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა აკრძალა მედიაში უშიშროების სამსახურის (ФСБ) შესახებ მასალების გამოქვეყნება


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს „ფედერალური უშიშროების სამსახურის შესახებ“, რომელიც უწყების ხელმძღვანელობის ნებართვით კრძალავს ФСБ-ს შესახებ მასალები პუბლიკაციას და გავრცელებას.

რადიო თავისუფლების პროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ცნობით, საუბარია სამხედროების, სახელმწიფო მოხელეების, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების მიერ პროფესიული ინფორმაციის გავრცელებაზე.

თავად კანონის მიხედვით „პროფესიული საიდუმლო“ არ შეიცავს სახელმწიფო და კანონით დაცულ სხვა საიდუმლო ინფორმაციას, მაგრამ შესწორების ავტორები მიიჩნევენ, რომ ასეთი ინფორმაციის გამჟღავნებამაც შეიძლება „შეუქმნას საფრთხე“ ქვეყნის უსაფრთხოებას და „ზიანი მიაყენოს“ ФСБ-ს რეპუტაციას.

რუსეთის სახელმწიფო დუმის (პარლამენტის ქვედა პალატის) ოპოზიციონერი დეპუტატი და ФСБ-ს გადამდგარი ოფიცერი, გენადი გუდკოვი, ასეთ აკრძალვას მიიჩნევს „ტოტალური ცენზურის“ მცდელობად.

საკანონმდებლო ცვლილებების ფონია, სამხედრო ჟურნალისტისა და სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის მრჩეველის, ივან საფრონოვის დაპატიმრება სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით.

ФСБ ბრალს სდებს, რომ ჟურნალისტური საქმიანობისას ის თანამშრომლობდა ჩეხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან და მას საიდუმლო მასალებს აწვდიდა.

საფრონოვი დანაშაულს არ აღიარებს. მისი ადვოკატით თქმით, თავისი კლიენტის საქმეში არ უნახავს დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

საფრონოვის ყოფილი კოლეგები მიიჩნევენ, რომ მის წინააღმდეგ საქმე დაკავშირებულია მხოლოდ მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან.

რუსეთის რიგმა მედიასაშუალებამ ხელისუფლებისგან მოითხოვა საფრონოვის საქმის მაქსიმალურად გამჭვირვალედ გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG