Accessibility links

აფხაზი ექიმები რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნამ შეაშფოთა


აფხაზეთ-რუსეთის ე.წ. საზღვარი

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ ეპიდსიტუაციის გაუარესებას ელოდებიან. ეს საკითხი დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროში 2 აგვისტოს გამართულ საგანგებო თათბირზე განიხილეს.

სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, შეხვედრის ინიციატორები ექიმები იყვნენ. დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ალხას კონჯარიას ინფორმაციით, 1 აგვისტოს, რუსეთთან „საზღვრის“ გახსნიდან 24 საათში აფხაზეთში ჩავიდა 7500-მდე ადამიანი. კონჯარიას განცხადებით, აფხაზეთში ჯერ კიდევ „საზღვრის“ გახსნამდე მოხდა კორონავირუსის აფეთქება, გუდაუთის საავადმყოფო, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ, ივსება და უკვე ამ ეტაპზე ცხადია, რომ ავადმყოფების დიდ ნაკადთან გამკლავება ურთულესი იქნება.

„თუ ჩვენს მოსახლეობას დაემატებიან ჩამოსულები, უბრალოდ, დავიხრჩობით და დახმარებას ვერც ჩვენს მოქალაქეებს გავუწევთ და ვერც ვინმე სხვას“, - თქვა კონჯარიამ. მისი ინფორმაციით, ოპერატიული შტაბი განიხილავდა „საზღვრის“ ეტაპობრივად გახსნის და მისი გადაკვეთისას ლაბორატორიის ცნობის, ან კოვიდ-პასპორტის წარდგენის საკითხს, ამიტომ „საზღვრის“ მომენტალურად გახსნა მოულოდნელი იყო. „საზღვარი უბრალოდ, მთლიანად გაიხსნა და დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩამოვიდეს“, - განაცხადა დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

სააგენტო „აფსნიპრესს“ მოჰყავს საგანგებო თათბირის კიდევ ერთი მონაწილის, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატ ალხას ჯინჯოლიას სიტყვები, რომ რუსეთთან „საზღვარზე“ საჭიროა შემზღუდავი ზომების მიღება.

ოკუპირებულმა აფხაზეთმა და რუსეთმა ერთმანეთს 1 აგვისტოდან გაუხსნეს კორონავირუსის პანდემიის გამო აპრილში დაკეტილი „საზღვარი“. იმავე დღეს დე ფაქტო ხელისუფლებამ დაადასტურა ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა. ოკუპირებულ აფხაზეთში სულ გამოვლენილი აქვთ 98 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 ადამიანი.

მდინარე ფსოუზე აფხაზეთ-რუსეთის ე.წ. საზღვარი უპირობოდ გაიხსნა. 2 აგვისტოს დე ფაქტო ტურიზმის სამინისტრომ მხოლოდ ის განაცხადა, რომ აფხაზეთში ჩასულ ტურისტებს თან უნდა ჰქონდეთ ნიღბები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგი და სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG