Accessibility links

„ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა ჯალალაბადის ციხეზე მომხდარ სისხლიან თავდასხმაზე


კვამლი ჯალალაბადის ციხის თავზე

ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანურმა ფიალიალმა აიღო პასუხისმგებლობა ნანგარჰარის პროვინციაში მდებარე ციხეზე კვირას განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმაზე, რომლის დროსაც 21 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 42 დაშავდა.

დაღუპულთა შორის არიან მოქალაქეები, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები და პატიმრები.

პროვინციის გუბერნატორის პრესმდივანმა, ათაულა ხოგაინმა, განაცხადა, რომ შეტაკების დროს მოკლულია ასევე სამი თავდამსხმელი.

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს ალყაში ჰყავთ ციხე და მის გარშემო მოედანზე მდებარე შენობები, სადაც ექსტრემისტები უნდა აფარებდნენ თავს.

2 აგვისტოს საღამოს თავდამსხმელებმა ჯერ დანაღმული მანქანა ააფეთქეს პროვინციის დედაქალაქ ჯალალაბადში მდებარე ციხის შესასვლელთან და შემდეგ უკვე ობიექტზე სროლით შეიჭრნენ.

თავდამსხმელებმა დახოცეს მცველები და ციხიდან 100-მდე პატიმარი გაათავისუფლეს.

ექსტრემისტების წინააღმდეგ სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

ავღანეთის ოფიციალური პირების ცნობით, გაქცეულ პატიმართა ნაწილი დაპატიმრებულია.

ჯალალაბადში მდებარე ამ ციხეში თალიბანისა და „ისლამური სახელმწიფოს“ 1700-მდე წევრი და სხვადასხვა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული დამნაშავე იხდის საჯელს.

ჯალალაბადის ციხეზე თავდასხმის ფონია 2 აგვისტოს გავრცელებული ცნობა, რომ ავღანეთის დაზვერვის სპეცდანიშნულების ძალებმა ჩატარებული ოპერაციის შედეგად მოკლეს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დაზვერვის ერთ-ერთი ლიდერი, ასადულა ორაყზაი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG