Accessibility links

სვეტლანა ციხანოვსკაია აცხადებს, რომ წინააღმდეგია რუსეთთან „ღრმა ინტეგრაციის“


სვეტლანა ციხანოვსკაია

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სვეტლანა ციხანოვსკაია აცხადებს, რომ წინააღმდეგია რუსეთთან „ღრმა ინტეგრაციის“, რადგან ბელარუსი დამოუკიდებელი ქვეყანაა.

„ჩვენ გვსურს ვიყოთ დამოუკიდებელი, გვსურს ვეძებდეთ მეგობრებს და არა მტრებს სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა ციხანოვსკაიმ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ლენტა.რუ“-სთან ვრცელ ინტერვიუში.

რაც შეეხება საერთაშორისო ურთიერთობებს და ბელარუსის ევროკავშირში ინტეგრაციას, ციხანოვსკაია ამბობს, რომ იგი ემხრობა „მრავალპოლუსიან“ ურთიერთობებს საგარეო პოლიტიკაში.

„არ მესმის, განა აუცილებელია ვინმე ავირჩიოთ - ან ამერიკასთან ურთიერთობა, ან ევროპასთან, ან რუსეთთან? ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ. ჩვენ ყველასთან მეგობრობა გვსურს“, - აცხადებს სვეტლანა ციხანოვსკაია.

37 წლის ბელარუსმა პედაგოგმა, რომელსაც მანამდე ქვეყანაში თითქმის არავინ იცნობდა, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა მის ქმარს, ცნობილ ბლოგერ სერგეი ციხანოვსკის.

მოგვიანებით სერგეი ციხანოვსკი მილიციამ დააკავა. მას სამართალდამცველებისადმი წინააღმდეგობასა და მასობრივი არეულობის მომზადებაში ედება ბრალი.

სერგეი ციხანოვსკი ბრალს არ აღიარებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სოციალოგიური კვლევები არ იმართება, ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა სვეტლანა ციხანოვსკაია, რომლის მხარდამჭერ მიტინგებზე უამრავი ადამიანი იკრიბება.

სვეტლანა ციხანოვსკაია აცხადებს, რომ ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, გააყალბოს ამომრჩეველთა ხმები, ხალხი და გაერთიანებული ოპოზიცია დაიცავენ არჩევნებს და ის გახდება პრეზიდენტი.

„ვფიქრობ, რომ ხალხი მომილოცავს გამარჯვებას, გადმომეცემა ბელარუსის პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობის დაწყების მოწმობა. და მორჩა - შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება“, - აცხადებს სვეტლანა ციხანოვსკაია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG