Accessibility links

პოლონეთმა 50 მილიონი ევროთი დააჯარიმა „გაზპრომი“


პოლონეთის კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველომ ჯარიმა დააკისრა რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“.

ამ ჯარიმის მიზეზია „გაზპრომის“ უარი, გასცეს მონაცემები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სა და იმ ევროპულ კომპანიებს შორის დადებული კონტრაქტის შესახებ, რომლებიც სადავო გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ.

პოლონეთის ანტიმონოპოლიური უწყება იძიებს ექვსი ევროპული კომპანიის საქმიანობას, მათ შორის „გაზპრომისა“, რომლებმაც შექმნეს კონსორციუმი და აფინანსებენ გაზსადენის მშენებლობას ბალტიის ზღვის ფსკერზე პოლონეთის მხარის ნებართვის გარეშე.

მანამდე იმავე საქმეზე დაჯარიმდა ფრანგული კომპანია Engie, რომელმაც „დაუსაბუთებელი უარი“ თქვა მოთხოვნილი დოკუმენტების გადაცემაზე.

კომპანია „გაზპრომს“ ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი პოლონეთის უწყების გადაწყვეტილებაზე.

რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენის პროექტი საერთაშორისო უთანხმოების საგნად იქცა.

ცოტა ხნის წინ აშშ სანქციებით დაემუქრა იმ კომპანიებსა და ინდივიდუალურ პირებს, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან გერმანიასთან დამაკავშირებელი, 11 მილიარდ დოლარად შეფასებული, გაზსადენის მშენებლობაში, რომლის დარჩენილი ბოლო კილომეტრების მშენებლობისათვის რუსეთი ძალ-ღონეს არ იშურებს.

ევროპის ხომალდებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ მშენებლობაში, დეკემბერში შეაჩერეს საქმიანობა მას მერე, რაც აშშ-ის სანქციები დაწესდა მათ წინააღმდეგ.

რუსეთს იმედი აქვს, რომ მშენებლობას დაასრულებს თავისი გემების გამოყენებით, რამაც აშშ-ს უბიძგა, თავდაცვითი ხარჯების კანონპროექტში ჩაერთო დამატება, რომლის ძალით სანქციები გავრცელდება არა მხოლოდ გემებზე, არამედ ნებისმიერ კომპანიაზე, რომელიც რუსეთს ეხმარება მილსადენის მშენებლობის დასრულებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG