Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვრცელდება პეტიცია პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის მხარდასაჭერად


იაგო კაჭკაჭიშვილი
იაგო კაჭკაჭიშვილი

„შეწყდეს პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის მიმართ უსამართლო ანგარიშსწორება!“, - ამ მოთხოვნით საქართველოს სამეცნიერო, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიმართავენ საქართველოს განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, გენადი მარგველაშვილს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.

პეტიციაში ისინი აღნიშნავენ, რომ შეშფოთებით ადევნებენ თვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ პროცესს, რომელიც პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის მიმართ ცილისწამებასა და დაუსაბუთებელი ბრალდებით მისი რეპუტაციის შელახვას უკავშირდება:

„ეს პროცესი გამჟღავნდა თსუ-ში შექმნილი ეთიკის კომისიის დასკვნის სახით, რომელმაც იაგო კაჭკაჭიშვილი დაადანაშაულა მეცნიერული კეთილსინდისიერების დარღვევაში; თუმცა, ეთიკის კომისიის ამ დასკვნას, ჩვენი ღრმა რწმენით, არ გააჩნია სამართლებრივი და აკადემიური საფუძველი. თავად თსუ ეთიკის კომისიის წევრებმა სოციალურ ქსელში გააკეთეს განმარტებები, რომლებშიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, რომ ე.წ. „ავტოპლაგიატის“ საკითხს 2001 წელს (როცა კაჭკაჭიშვილმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია) არანაირი აკადემიური რეგულაცია არ განსაზღვრავდა და, შესაბამისად, მისი ბრალდების სახით წაყენება მეცნიერის მიმართ უსაფუძვლოა; ასევე, კომისიის წევრები შეუძლებლად მიიჩნევენ თეორიული ხასიათის დისერტაციის დაწერას „კომპილაციის ნიშნების“ (როგორც თავადვე წერენ) გარეშე. არადა, სწორედ ამ ორი „ბრალდების“ საფუძველზე დაასკვნეს დოკუმენტში, რომ „იაგო კაჭკაჭიშვილს უფიქსირდება აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა“.

ხელნაწერის სახით არსებული დისერტაციის გამოცემა წიგნის (მათ შორის, დამხმარე სახელმძღვანელოს) სახით ჩეულებრივი პრაქტიკაა არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში და არაადეკვატურია მეცნიერის არაკეთილსინდისიერებაში დადანაშაულება იმის გამო, რომ მან წიგნში არ მიუთითა დისერტაციის საფუძველზე მისი გამოცემის შესახებ“, - აღნიშნავენ პეტიციის ხელისმომწერები. მათი შეფასებით, ზემოაღნიშნულ პროცესს თავისი წინაისტორია აქვს და შურისძიების ნიშნებს მოიცავს:

„იაგო კაჭკაჭიშვილის სამეცნიერო პროდუქტის „მონიტორინგი“ მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ღიად და საჯაროდ გააკრიტიკა თსუ რექტორის, გია შარვაშიძის, დისერტაცია, რომლის ირგვლივაც სპეციალური სიუჟეტი მოამზადა „სტუდია „მონიტორმა“, საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფარგლებში. ეს გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს შურისძიების მცდელობასთან, რაც მეცნიერის გაუმართლებელი დევნის ნიშნებს ატარებს.

მოვუწოდებთ თსუ აკადემიურ საბჭოს, გამოიჩინოს კეთილგონიერება და აღკვეთოს მაღალი პროფესიული რეპუტაციის მქონე პროფესორის, იაგო კაჭკაჭიშვილის მიმართ უსამართლო ანგარიშსწორება, რამაც ფართო საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია“, - ნათქვამია პეტიციაში.

ასევე წაიკითხეთ:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, იაგო კაჭკაჭიშვილს თსუ ეთიკის კომისიამ „აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა” დაუდგინა. კაჭკაჭიშვილი - რომელიც წლებია თსუ-ს სოციოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს - რექტორს, გია შარვაშიძეს შურისძიებაში ადანაშაულებს. დარღვევის დადგენამდე, მან უნივერსიტეტის რექტორი პლაგიატის გამო გააკრიტიკა.

პროფესორი ჰყვება, რომ ყველაფერი დაიწყო „თავისუფლების მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ. გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ შარვაშიძემ საკუთარ დისერტაციაში სიტყვასიტყვით გადაიტანა ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტის ტექსტი - 40 გვერდი ისე, რომ წყარო არ მიუთითა.

ამის შემდეგ იაგო კაჭკაჭიშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიმართა, შეესწავლათ, მართლაც იყო თუ არა რექტორის ნაშრომი პლაგიატი. ილიაუნიმ პლაგიატი დაადასტურა. რექტორმა და უნივერსიტეტმა კი უარყვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG