Accessibility links

შეხვედრა საპატრიარქოში: თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს წესის აგების უფლება მისცეს


საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური „ფეისბუკზე" აქვეყნებს ინფორმაციას 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესახებ.

საპატრიარქოს ცნობით, გარდაცვლილის მშობლები საპატრიარქოში გარემოების ასახსნელად და შვილისთვის წესის აგების ნებართვისთვის იმყოფებოდნენ. კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ოჯახს წესის აგების უფლება მიეცა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედ-მამას და ძმას შეხვდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.

„შეხვედრის დასასრულს მიტროპოლიტმა შიომ, იქ მყოფ სასულიერო პირებთან ერთად, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა“, - იტყობინება საპატრიარქო.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG