Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა ანჯეი დუდას გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში


პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა

პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ 3 აგვისტოს დაამტკიცა გასულ თვეში მოწყობილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომლის თანახმად, პოპულისტმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ დაამარცხა ვარშავის ლიბერალი მერი, რაფალ ტშასკოვსკი.

ოპოზიციამ კითხვის ქვეშ დააყენა კენჭისყრის შედეგები და აცხადებს, რომ დუდამ და მისმა მემარჯვენე პარტიამ არასამართლიანად გამოიყენა სახელმწიფო ტელევიზია დუდას შანსების გასაზრდელად. ოპოზიციას მოჰყავს სხვა არგუმენტებიც.

სასამართლოს დასკვნა გამოაცხადა მოსამართლე ევა სტაფანსკამ: „უზენაესი სასამართლო ადასტურებს ანჯეი სებასტიან დუდას არჩევას პოლონეთის პრეზიდენტად“, თქვა მან.

პოსტკომუნისტურ პოლონეთში ყველაზე უფრო მძაფრი საპრეზიდენტო კენჭისყრა გაიმართა ეკონომიკური უკუსვლის და კორონავირუსის აფეთქების ფონზე, რის გამოც თავდაპირველად მაისისთვის დაგეგმილი არჩევნები გადაიდო.

სასამართლომ განიხილა და უარყო 12 ივლისის კენჭისყრის გამო შესული ექვსი ათასამდე, ანუ წინა, 2015 წლის კენჭისყრის საჩივრებზე ასჯერ მეტი, საჩივრის დიდი ნაწილი. სასამართლომ აღიარა 100-მდე დარღვევა, მაგრამ განაცხადა, რომ მათ შედეგზე გავლენა არ მოუხდენიათ.

დუდა პირველად პრეზიდენტად აირჩიეს 2015 წელს.

ოფიციალური შედეგებით, მან თავის მეტოქე ტშასკოვსკის 300 ათასი ხმით აჯობა, ანუ 20 მილიონი ბიულეტენიდან 51 პროცენტი დუდას მომხრეებს ეკუთვნოდათ, ხოლო დაახლოებით 49 - ტშაკოვსკის.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების მეთვალყურეთა თანახმად, კენჭისყრას ჩრდილი მიაყენა საჯარო მედიაში არაობიექტურმა გაშუქებამ, ხმაშეწყობილმა დუდას კამპანიასთან, რომელსაც ახასიათებდა „ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ანტისემიტური რიტორიკა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG