Accessibility links

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში“, გიორგი შაქარაშვილის პატივსაცემად, 21-ნომრიანი მაისურით აღარავინ ითამაშებს


თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელი მიენიჭა. თვე-ნახევრის წინ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელი სწორედ „საბურთალოს“ წევრი იყო და, მისი ხსოვნის პატივსაცემად, კლუბის ხელმძღვანელობამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: 21-ნომრიანი მაისური, რომლითაც შაქარაშვილი გამოდიოდა, კლუბის მუზეუმში შეინახება და ამ ნომრით ამიერიდან აღარავინ ითამაშებს.

„21-ნომრიანი მაისური სამუდამოდ მიეკუთვნება გიორგი შაქარაშვილს და მომავალი სეზონიდან, არც ძირითად და არც ასაკობრივ გუნდებში, ამ მაისურს აღარავინ ჩაიცვამს. მისი სახელობის სტადიონზე კი პატარა ფეხბურთელები დაფრთიანდებიან და შეეცდებიან მიაღწიონ იმ წარმატებებს, რომლის მიღწევაც გიორგის არ დასცალდა. თითოეული ნაბიჯი, რასაც ამ ანგელოზი ბავშვის უკვდავსაყოფად გადავდგამთ, მხოლოდ მცირედი ნუგეში და დაფასება იქნება გიორგი შაქარაშვილისა“, - გვითხრა კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

შაქარაშვილის სახელობის სტადიონის გახსნას „საბურთალოს” ხელმძღვანელებთან ერთად 19 წლის ფეხბურთელის ოჯახის წევრები, თანაგუნდელები და მეგობრები დაესწრნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG