Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანჰეტენის პროკურორმა პირველად გამოაქვეყნა ინფორმაცია „ტრამპის ორგანიზაციის“ წინააღმდეგ გამოძიებაზე


მანჰეტენის რაიონის პროკურორმა პირველად გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაიონული პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს „ტრამპის ორგანიზაციის“ - პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კუთვნილი კონგლომერატის - სავარაუდო უკანონო საქმიანობის შესახებ. როგორც CNN-ი იტყობინება, „ტრამპის ორგანიზაცია“ ეჭვმიტანილია საგადასახადო და საბანკო თაღლითობაში.

ამის შესახებ ლაპარაკია მანჰეტენის პროკურორის, საირუს ვენსის შუამდგომლობაში, რომელიც ნიუ-იორკის ფედერალურ მოსამართლეს გაეგზავნა. ვენსი სასამართლოს მოუწოდებს, კანონიერად იქნეს მიჩნეული პროკურატურის მოთხოვნა, რომ დონალდ ტრამპმა წარმოადგინოს უკანასკნელი 8 წლის კერძო და კორპორაციული დეკლარაციები.

პროკურატურამ პრეზიდენტისგან საგადასახადო დოკუმენტების წარმოდგენა პირველად შარშან აგვისტოში მოითხოვა. მაშინ საქმე ეხებოდა გამოძიებას პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის საარჩევნო ფონდის სავარაუდოდ უკანონო გამოყენებას ორი ქალის გასაჩუმებლად, რომლებთანაც ტრამპს სავარაუდოდ ინტიმური ურთიერთობები ჰქონდა არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე. პრეზიდენტის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ რამდენიმე წლის პერიოდის საგადასახადო დოკუმენტების მოთხოვნა უსაფუძვლოა და პრეზიდენტის პოლიტიკური დევნის მცდელობას წარმოადგენს.

ორშაბათს სასამართლოსთვის გაგზავნილი შუამდგომლობიდან ჩანს, რომ დონალდ ტრამპი უფრო მასშტაბური გამოძიების ობიექტია. დოკუმენტში ლაპარაკია, რომ არსებობს „ათ წელზე უფრო ადრინდელი საჯარო განცხადებები ‘ტრამპის ორგანიზაციის’ დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ“.

ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე ტრამპმა განაცხადა, რომ ეს არის დემოკრატების მიერ მისი დევნის მაგალითი. „მიულერის გამოძიება ჩაუვარდათ, მათ ყველაფერი ჩაუვარდათ,“ თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG