Accessibility links

ადვოკატის ინფორმაციით, დასრულდა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის დეშიფრაცია


ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დასრულდა 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის პერსონალური კომპიუტერის კლონირება და დეშიფრაცია. როგორც ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, იგი ექსპერტებთან ერთად გაეცნობა მიღებულ შედეგებს:

„კლონირება დასრულებულია, დეშიფრაცია მიმდინარეობდა, როგორც ჩანს, ისიც დასრულდა. ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რამდენად შესაძლებელია, რომ ის ფაილები აღდგენილიყო, რომლის წაკითხვაც არის სავალდებულო და რომლის წაკითხვის შედეგად გვეცოდინება, თუ რა ინფორმაცია ინახებოდა თამუნას პერსონალურ კომპიუტერში. ვნახავთ ეხლა, ექსპერტებთან ერთად გავივლით და ყველაფერი გვეცოდინება - იყო შეღწევა, რა ინფორმაცია ინახებოდა, რა ფაილებია“, - განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შესვლის წინ.

23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG