Accessibility links

ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდსიტუაციის გაუარესებას რუსეთიც ადასტურებს


რუსეთის ე.წ. საელჩო სოხუმში

ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, რუსეთის საელჩოს საკონსულო განყოფილებაში სამედიცინო ნიღბის და ხელთათმანის გარეშე არავინ დაიშვება. ამ შინაარსის შეტყობინება დღეს გამოქვეყნდა საელჩოს ფეისბუკის გვერდზე. ე.წ. საელჩო ყურადღებას ამახვილებს სოციალური დისტანციის დაცვის საჭიროებაზე და, გარდა ამისა, ყველას, ვისაც მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადების ნიშნები აქვს, სთხოვს, რომ საკონსულოში არ მივიდნენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდაფეთქებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ 1 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევის შესახებ.

1 აგვისტოდან უპირობოდ გაიხსნა აფხაზეთ-რუსეთის ე.წ. საზღვარი. ამ ფაქტმა ადგილობრივი საზოგადოების ნაწილში გააჩინა შიში, რომ ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მოიმატებს. შეშფოთება დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროშიც გამოთქვეს, თუმცა, ე.წ. პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ ანქვაბის მხრიდან კრიტიკის შემდეგ განაცხადეს, რომ „საზღვრის“ გახსნას არავინ ეწინააღმდეგება.

რუსეთის საბაჟო სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ორ დღეში „საზღვარი“ გადაკვეთა 30 ათასამდე ადამიანმა. ტურისტული სააგენტოების პროგნოზით, ამ სეზონზე აფხაზეთში შესაძლოა, 350 ათასი რუსი ტურისტი ჩავიდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG