Accessibility links

ჩუგოშვილი: ერთი უბედურება შვილის დაკარგვაა, მერე კი საკუთარი ქვეყნის იმედი რომ არ გაქვს


თამარ ჩუგოშვილი, თეონა თამაზაშვილი

"ერთი უბედურება შვილის დაკარგვაა, მერე კი - საკუთარი ქვეყნის იმედი რომ არ გაქვს და გასაჭირში ჩავარდნისას იძულებული ხარ სხვაგან ეძებო შველა", - ამ სიტყვებით გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მიერ საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან გამართულ აქციას და გამოძიების პროცესში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვის მოთხოვნას "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა.

„მერამდენე საქმეა, სადაც დაგვიანებული რეაგირების, არაკომპეტენტურობის, შეცდომების და დარღვევების გამო ადამიანებმა სისტემის ყველანაირი ნდობა დაკარგეს.

გამომძიებლობა და პროკურორობა იარაღის ტარების უფლება და დანარჩენებზე ზემოდან ყურება არაა. ვინმე გრძნობს საერთოდ პასუხისმგებლობას?“, - წერს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი.

დღეს, 4 აგვისტოს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამოძიების საქმეში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვის მოთხოვნით საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის ინიციატივით აქცია გაიმართა.

აქციის შემდეგ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამო, მოისმინეს მათი მოთხოვნები და აუხსნეს პროცედურები, რომლებიც გამოძიების პროცესში FBI-ის ჩართვას შეეხება. კერძოდ, საელჩოს წარმომადგენლებმა ოჯახს განუმარტეს, რომ მოთხოვნა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართულობის შესახებ სახელმწიფოსგან უნდა მოდიოდეს, რომ ფედერალურ ბიუროს არ აქვს უფლებამოსილება, პროცესში კერძო პირის მოთხოვნის საფუძველზე ჩაერთოს. ოჯახი გენერალური პროკურატურისგან შესაბამისi ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG