Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტი 3 გათავისუფლებულ თანამშრომელთან გააგრძელებს თანამშრომლობას 


სამი განთავისუფლებულ თანამშრომელის შესახებ განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია. როგორც მენეჯმენტი აცხადებს, მიიღეს მათთან თანამშრომლობის გაგრძელების გადაწყვეტილება. მენეჯმენტი განმარტავს საკუთარი გადაწყვეტილების საკითხს.

„ამა წლის 30 ივლისს დასრულდა დისციპლინური მოკვლევა და მაუწყებლის შენობაში, სამუშაო საათებში მომხდარი კონფლიქტისა და ფიზიკური დაპირისპირების გამო, 31 ივლისიდან, დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლდა სამი თანამშრომელი. აღნიშნული გადაწყვეტილება გამომდინარეობდა გარდაუვალი აუცილებლობიდან და ემსახურებოდა სამსახურეობრივი დისციპლინისა და კანონიერების დაცვას.

მიუხედავად დამდგარი შედეგისა, იმის გათვალისწინებით, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, გმობენ სამსახურებრივი კონფლიქტებსა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს დამაზიანებელ სხვა ქმედებებს და აქვთ გარკვეული დამსახურებები მაუწყებლის წინაშე, მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გააგრძელოს მათთან თანამშრომლობა. კერძოდ, მათ პრაქტიკულად სრულად შეუნარჩუნდებათ ანაზღაურება და ექნებათ შესაძლებლობა განახორციელონ შემოქმედებითი საქმიანობა პროგრამების სამსახურში, პრიორიტეტებით გათვალისწინებული კონკრეტული გადაცემების მოსამზადებლად. ამ პროცესში მათ ექნებათ სრული თავისუფლება და შესაბამისად, კვლავ სრულფასოვნად შეძლებენ საკუთარი ნიჭისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენებას, რაც წარმოადგენს მაუწყებლის მენეჯმენტის, ყველა თანამშრომლისა და ჩვენი აუდიტორიის საერთო მიზანს", - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტი, ასევე გამოეხმაურა სამი თანამშრომლის გათავისუფლების შემდეგ ტელეარხთან გამართულ აქციას.

„ამავე დროს, ხაზი უნდა გაესვას, იმას რომ ვერანაირი აქციები და ვერანაირი სხვა სახის ზეწოლა, ვერ აიძულებს მენეჯმენტს, გავიდეს კანონმდებლობის ჩარჩოებიდან. ასევე, გვინდა განვაცხადოთ, რომ მაუწყებლის მენეჯმენტი შემდგომშიც პრინციპული და მკაცრი იქნება ორგანიზაციის საქმიანობის მარეგულირებელი წესების ნებისმიერი დარღვევისადმი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მაუწყებლის დინამიური განვითარების შეფერხება ან მისი იმიჯისა და პრესტიჟის შელახვა და აუცილებლად მოახდენს სათანადო რეაგირებას" - აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებას სამსახურიდან გაეშვა სამი თანამშრომელი (ბაჩო გურაბანიძე, გადაცემა „დილის ტალღის" დირექტორი, გიორგი მურვანიძე, აჭარის ტელევიზიის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი და გურამ ქადიძე, გრაფიკოს-მემონტაჟე), მათი კოლეგების პროტესტი მოჰყვა, რომლებიც აჭარის ტელევიზიის შენობასტან შეიკრიბნენ.

ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე არიან ალტერნატიული პროფკავშირების აქტიური წევრები და 26 ივნისს გამართული აქციის ორგანიზატორები იყვნენ. ისინი გათავისუფლებას მათ აქტივობებს უკავშირებდნენ.

გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. მან მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს დაინტერესებულიყვნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით.

მაუწყებელში შრომითი უფლებების დაცვის მიზნით დირექტორის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11 სარჩელია შესული. ორი საჩივარით კი პროკურატურას მიმართეს, რომელშიც გოგა კოხრეიძეს თანამშრომლები დევნაში ადანაშაულებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG