Accessibility links

ამირან გამყრელიძე: მუშავდება სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის განახლების სტანდარტები


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ახალი სასწავლო წლის განახლებასთან დაკავშირებით მუშავდება სპეციალური სტანდარტები სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლებისთვის. მათ შორის რამდენი მოსწავლისა და სტუდენტის განთავსება იქნება ნებადართული საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში:

„რა თქმა უნდა, ის ვერ იქნება იმ ტრადიციულ სტილში, ანუ თუ იჯდა 20 ადამიანი, ვერ დაჯდება 20 ადამიანი ერთ ოთახში. ამაზე ვმუშაობთ და იქნება შესაბამისი სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, როგორ უნდა დასხდნენ სტუდენტები აუდიტორიებში, როგორი უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, აუცილებლად ხელების ხშირი დამუშავება, პირბადეების ხმარება დერეფნებში, შესვენებებზე. მოგეხსენებათ მცირეწლოვან ბავშვებში პირბადე არ არის რეკომენდირებული, ამიტომ ამაზეც მივცემთ რეკომენდაციებს. მუშავდება ეს სტანდარტები, როგორც სკოლებთან ისე უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით“, - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თანახმად, სასწავლო პროცესის განახლება მობილობის ზრდასთან და შესაბამისად, ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკთანაა დაკავშირებული და ამიტომ ყველაფერი სწორად უნდა დაიგეგმოს.

მისი თქმით, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სწავლის დაწყებას საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში არავითარი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც 15 სექტემბრისთვის ეპიდსიტუაციის მხრივ არსებულ ვითარების შესაბამისად იქნება მიღებული.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანმანათლებლო სისტემა მარტიდან ონლაინსწავლებაზე იყო გადასული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG