Accessibility links

რესპუბლიკურმა და დემოკრატიულმა პარტიებმა აშშ-ის ხუთ შტატში გამართეს შიდაპარტიული არჩევნები


4 აგვისტოს რესპუბლიკურმა და დემოკრატიულმა პარტიებმა აშშ-ის ხუთ შტატში გამართეს შიდაპარტიული არჩევნები აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოების არჩევნებისთვის.

პრაიმერისი მიჩიგანში, კანზასში, არიზონაში, მისურისა და ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ვაშინგტონის შტატში „სცენის შემამზადებლად“ განიხილება ნოემბრის საპრეზიდენტო და საკანონმდებლო არჩევნებისთვის. არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერჯერობით არაა ცნობილი.

სამშაბათს ირჩევდნენ ასევე რესპუბლიკელ და დემოკრატ კანდიდატებს შტატების დონის თანამდებობებისა და შტატების საკანონმდებლო ორგანოებისთვის.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა ორი კენჭისყრა, სადაც კანდიდატთა შორის იყვნენ ორივე პარტიის პერიფერიების წარმომადგენლები.

კანზასში რესპუბლიკელთა პრაიმერისში გაიმარჯვა როჯერ მარშალმა. ის იბრძოლებს სენატორ პეტ რობერტსის ადგილის დასაკავებლად, რომელიც პენსიაში გადის. არჩევნების შედეგებმა შვება მოჰგვარა რესპუბლიკელებს, რომლებიც შიშობდნენ, რომ მათ სხვა კანდიდატს, კონსერვატორ კრის კობაჩს შეეძლო გაემარჯვა.

კობაჩის გამარჯვების შემთხვევაში კანზასში შესაძლოა დემოკრატებს ემძლავრათ, რაც რესპუბლიკელებს პრობლემებს შეუქმნიდა სენატში.

კიდევ ერთი კანდიდატი, რომელიც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, არის რაშიდა ტლაიბი - დემოკრატი კონგრესმენი ქალი მიჩიგანიდან, რომელიც დემოკრატიული პარტიის მემარცხენე ფრთას განეკუთვნება.

ტლაიბი, რომელიც აშშ-ის კონგრესში ერთ-ერთი პირველი მუსლიმი ქალია, ხელახლა არჩევისთვის იბრძვის საარჩევნო ოლქში, რომელიც მიჩიგანის უდიდეს ქალაქს, დეტროიტს და მის გარშემო რეგიონს მოიცავს.

მის კანდიდატურას მხარს უჭერენ პროფკავშირები, ბერნი სანდერსი, რომელიც ადრე აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის იბრძოდა, და კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG