Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასრულწლოვნები დუმილის უფლებას იყენებენ - არსებითი განხილვა 18 აგვისტოს დაიწყება


გიორგი შაქარაშვილი
გიორგი შაქარაშვილი

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩატარდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში.

დახურული პროცესის შემდეგ, როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა თქვა, სხდომა გაგრძელდა შუამდგომლობებზე სასამართლოს პასუხით. სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მათი მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე. ამავე დროს, არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობის შესახებ. ასევე სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაცვის მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობის შესახებ.

ადვოკატი გიორგი გელხაური ამბობს, რომ არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებას შეუცვლიდა მოსამართლე, რომელმაც მას პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატების ინფორმაციით, ამის შემდეგ განიხილეს საქმის სისხლის სამართლის არსებითი განხილვისთვის გადაცემის საკითხი. ყველა ბრალდებულის ადვოკატს ჰქონდა შუამდგომლობა დევნის შეწყვეტის შესახებ. არცერთი ბრალდებული არ აღიარებს წარდგენილ ბრალს.

გარდა ამისა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და საქმის არსებითი განხილვის დროს დაიკითხებიან როგორც ამირხანაშვილი, ისე ახვლედიანი.

პროკურორის განცხადებით, დევნა არცერთი ბრალდებულის მიმართ არ შეწყვეტილა. საქმე გადაცემულია არსებით განხილვაში. „დევნის შეწყვეტის საკითხზე გვქონდა უარყოფითი პოზიცია, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ აღნიშნული პირების მიერ იყო ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად, არსებობს გონივრული მოლოდინი, რომ საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი“, - თქვა ბრალმდებელმა.

პროკურორის ინფორმაციით, არცერთი ბრალდებული, რომელთა პროცესიც დღეს, 5 აგვისტოს, გაიმართა, არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. ისინი სარგებლობენ დუმილის უფლებით.

ექვსი არასრულწლოვნის საქმეზე არსებითი განხილვა 18 აგვისტოს, 15:00 საათზე დაიწყება.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული დანარჩენი 11 პირის საქმე ცალკეა გამოყოფილი. მათ გამოძიება, ამ ეტაპზე, ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ძალადობას. 11 ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოსაა დანიშნული.

გარდა ამისა, ცალკე წარმოებად მიმდინარეობს გამოძიება 109-ე მუხლით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე. აღნიშნული მუხლი, ჯერჯერობით, არცერთ ბრალდებულს არ აქვს წარდგენილი.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სულ 17 პირია ბრალდებული. ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. 16 ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ერთი ბრალდებული კი, რომელიც მცხეთის აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, ამბობს, რომ ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG