Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა გაავრცელეს საქართველოს მხარდამჭერი განცხადება


გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე განიხილა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში არსებული მდგომარეობა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 5 აგვისტოს საბჭომ მოისმინა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის, მიროსლავ იენჩას მოხსენება.

უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოს მოქმედი და მომავალი წევრების, ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ირლანდიისა და ნორვეგიის სახელით გავრცელდა განცხადება რუსეთ-საქართველოს ომიდან მე-12 წლისთავის შესახებ.

8 სახელმწიფომ წუხილი გამოხატა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებების შემდეგ მიღწეული პროგრესი მცირეა. მათ მტკიცე და უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

განცხადების თანახმად, რუსული სამხედრო ძალების ყოფნა საქართველოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონებში და რუსეთის მიერ ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა, საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს სუვერენიტეტს, ასევე წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

განცხადებაში გამოხატულია უკიდურესი შეშფოთება გასულ წელს და პანდემიის პერიოდში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ინტენსიფიკაციის გამო. წევრი სახელმწიფოები აღნიშნავენ, რომ ამ რთულ პერიოდშიც, დე ფაქტო ხელისუფლებები აგრძელებდნენ თვითნებური დაკავების პრაქტიკას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, ხოლო „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები არ თანხმდებიან სამედიცინო მიზნებით მოსახლეობის ევაკუაციასა და შესაბამისი ჰუმანიტარული დახმარების მიღებას. განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება „ლუგარის ცენტრის“ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქმიანობის თაობაზე რუსეთის მიერ წარმოებული დეზინფორმაციის კამპანიის და ცრუ პროპაგანდის გამო.

გაეროს წევრმა 8 სახელმწიფომ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები. ხაზი გაესვა, რომ 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება ითვალისწინებს რუსეთის მიერ შეირაღებული ძალების დაპირისპირებამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანას და მზარეებს მოუწოდებს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ჩამოყალიბებისკენ.

განცხადების ხელმომწერმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მხარდაჭერა ადამიანის უფლებების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობის მიმართ და ხაზი გაუსვეს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვისა და საკუთარ სახლებში მათი უსაფრთხო, ნებაყოფლობითი, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლების განხორციელების მნიშვნელობას, საერთაშორისო სამართლის თანახმად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG