Accessibility links

ამერიკელი კონგრესმენი ავრცელებს განცხადებას აგვისტოს ომის მე-12 წლისთავის გამო


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა ჯონ კატკომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც ეხება 12 წლის წინ, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრას.

ამერიკელი კონგრესმენი ფეისბუკზე წერს, რომ საქართველოს ტერიტორიების შემდგომი ანექსია და ოკუპაციის გაგრძელება არის მკაფიო შეხსენება იმისა, რომ საჭიროა პარტნიორობა დემოკრატიულ მოკავშირეებთან. ჯონ კატკო ხაზს უსვამს, რომ ბევრი მათგანი მტრულად განწყობილ ქვეყნებთან გასამკლავებლად ამერიკის დახმარებაზეა დამოკიდებული.

კონგრესმენის განცხადებით, მაშინ, როცა მსოფლიოსთვის საჭირო არ უნდა იყოს იმის შეხსენება, რომ ქვეყნების სუვერენიტეტს პატივი უნდა ვცეთ, სამწუხაროდ, უწევთ ამის გაკეთება, რადგან აგრესია და ოკუპაცია მსოფლიოს მასშტაბით გრძელდება.

რესპუბლიკელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოში შეიჭრა არა მხოლოდ საბრძოლო ტერიტორიაზე, არამედ კიბერსივრცეშიც, იერიში მიიტანა კრიტიკულად მნიშნელოვან ინფრასტრუქტურასა და კომუნიკაციებზე და ამით მნიშვნელოვნად შეასუსტა საქართველოს საპასუხო მოქმედებების უნარი.

კონგრესმენი კატკო მიიჩნევს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებენ, ყურადღება უნდა მიექცეს ასეთი შეტევების თავიდან აცილებას და მოკავშირეებს უნდა დაეხმარონ, რათა ისინი მზად იყვნენ მსგავსი თავდასხმების მოსაგერიებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG