Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში დააკავეს პრეზიდენტობის კანდიდატ სვიატლანა ციხანოუსკაიას საარჩევნო შტაბის უფროსი


მარია მოროზი
მარია მოროზი

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მინსკში დააკავეს პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას საარჩევნო შტაბის უფროსი მარია მოროზი. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის კორესპონდენტი იტყობინება.

მოროზი დააკავეს მაშინ, როცა ის ლიეტუვის საელჩოდან გამოდიოდა ქალაქის ცენტრის მახლობლად. მას საბუთები შეჰქონდა ვიზის მოსაპოვებლად. მოროზს გაესაუბრნენ და შემდეგ გაათავისუფლეს.

ოპოზიციონერი ციხანოუსკაია პირობას დებს, რომ გამარჯვების შემდეგ გამართავს ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელზეც ყველა კანდიდატს დაუშვებენ. მის გარშემო შემოიკრიბა დაპატიმრებული კანდიდატის, ვიქტარ ბაბარიკასა და დაურეგისტრირებელი კანდიდატის, ვალერი ცაპკალას საარჩევნო შტაბები.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს არის დანიშნული. დაწყებულია წინასწარი კენჭისყრა. ხელისუფლების კანდიდატია მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელიც 1994 წლიდან მართავს ქვეყანას. მისი ბევრი პოლიტიკური მეტოქე დაპატიმრებულია, ბევრი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.

4 აგვისტოს ლუკაშენკამ პარლამენტში გამოსვლისას გააკრიტიკა ოპოზიცია და განაცხადა, რომ მოქმედი კონსტიტუცია ზედმეტად დიდი ძალაუფლების კონცენტრაციას ახდენს საპრეზიდენტო ხელისუფლების ხელში, რაც სხვა კანდიდატის მოსვლას ქვეყნისთვის სახიფათოს ხდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG