Accessibility links

დაკავებულია აფეთქებით დანგრეული ბეირუთის პორტის 16 თანამშრომელი


ლიბანელი სამხედროები ბეირუთის დანგრეული პორტის ტერიტორიაზე

ლიბანში დააკავეს ბეირუთის პორტის 16 თანამშრომელი. ამის შესახებ სასამართლოზე დაყრდნობით იუწყება ლიბანის ნაციონალური საინფორმაციო სააგენტო. გამომძიებლები განაგრძობენ 20-მდე პირის დაკითხვას. მათ შორის არიან პორტის და საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელები.

ბეირუთის პორტში ორი ძლიერი აფეთქება 4 აგვისტოს, საღამოს მოხდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 149 ადამიანი და 5 ათასამდე დაშავდა. აფეთქებამ პორტის გარდა დაანგრია, ან დააზიანა რამდენიმე კილომეტრის რადიუსში მდებარე შენობები. უსახლ-კაროდ დარჩა 250 ათასამდე ადამიანი. ბეირუთში 2 კვირით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

ლიბანის ხელისუფლება აფეთქების მიზეზად მიიჩნევს პორტის ერთ-ერთ საცავში წლების წინ მოთავსებული ამონიუმის ნიტრატის შენახვის წესების დარღვევას. არსებული ინფორმაციით, ეს ტვირთი 2013 წელს, ბათუმის პორტიდან მოზამბიკისკენ მიჰქონდა მოლდოვის დროშით მცურავ გემს, Rhosus-ს, რომელიც ბეირუთის პორტში ტექნიკური პრობლემების გამო შევიდა. გემი დააკავეს, ლიბანის საბაჟო სამსახურმა კი ტვირთის კონფისკაცია მოახდინა და საცავში გადაიტანა. გამოძიების ვერსიით, აფეთქება საცავში შედუღების სამუშაოების დროს მოხდა.

მედიასაშუალებები Rhosus-ის მფლობელად ასახელებენ რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკის მკვიდრს, ამჟამად კვიპროსზე მცხოვრებ იგორ გრეჩუშკინს, რომელმაც ლიბანში დაკავებული გემის ეკიპაჟის წევრი რუსი და უკრაინელი მეზღვაურები, პრაქტიკულად, ბედის ანაბარა დატოვა.

Reuters-ის ინფორმაციით, 6 აგვისტოს კვიპროსის პოლიციამ დაკითხა გემის სავარაუდო მფლობელი, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს. კვიპროსის პოლიცია ჯერჯერობით არც იმას ამბობს, რა სტატუსი აქვს დაკითხულ პირს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG