Accessibility links

ქაბულში დიდმა კრებამ, ლოია ჯირგამ უნდა გადაწყვიტოს 400 თალიბი პატიმრის ბედი


ავღანეთის მთავრობა პარასკევს ქაბულში მართავს დიდ კრებას, ლოია ჯირგას, რათა გადაწყდეს პატიმრობაში მყოფი ასობით თალიბის ბედი, რომელთა გათავისუფლებასაც ითხოვს თალიბანი მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე.

გასულ კვირაში ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ კეთილი ნების ჟესტის სახით განკარგულება გასცა 500 ტყვე თალიბის განთავისუფლების შესახებ. ღანიმ განკარგულება გასცა თალიბების მიერ შეთავაზებული და ავღანეთის მთავრობის მიერ მიღებული სამდღიანი საზავო შეთანხმების ფონზე, რომელსაც 2 აგვისტოს გაუვიდა ვადა.

პრეზიდენტის თქმით, მთავრობამ გაათავისუფლა 4600 თალიბი 5000-დან, რომელთა გათავისუფლებასაც ითვალისწინებს აშშ-სა და თალიბებს შორის თებერვალში მიღწეული შეთანხმება.

მაგრამ ღანიმ თქვა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია მას უკრძალავს დარჩენილი 400 თალიბის განთავისუფლებას, ვინაიდან ისინი მძიმე დანაშაულებებთან არიან კავშირში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მოუწოდა დიდი კრების წევრებს, გაათავისუფლონ პატიმრები. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს ძალადობის შესუსტებას და პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას, რაც სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდება.

თალიბანი აცხადებს, რომ უკვე გაათავისუფლა ათასივე პატიმარი, რაზეც შეთანხმებული იყო აშშ-სთან, და ქაბულისგან მოითხოვს დარჩენილი 400 თალიბის განთავისუფლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG