Accessibility links

დონალდ ტრამპმა TikTok-ისა და WeChat-ის ჩინელ მფლობელებთან ტრანსაქციები აკრძალა


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განკარგულება გასცა, აიკრძალოს ტრანსაქციები TikTok-ისა და WeChat-ის ჩინელ მფლობელებთან. აკრძალვა 45 დღეში შევა ძალაში.

ტრამპმა ამის არგუმენტად ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებები მოიტანა აღმასრულებელ ბრძანებულებაში, რომელიც კრძალავს ტრანსაქციებს TikTok-ის მფლობელ ByteDance-თან. მასში ნათქვამია, რომ TikTok-ი შეიძლება გამოყენებულ იქნეს დეზინფორმაციის კამპანიისთვის ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ.

ბრძანებულების თანახმად, აპლიკაცია, რომელიც მოკლე ვიდეოების გასავრცელებლად გამოიყენება, „საფრთხედ“ მიიჩნევა ეროვნული უსაფრთხოებისთვის და აშშ-მა „აგრესიული ნაბიჯები უნდა გადაგას TikTok-ის მფლობელების წინააღმდეგ“.

ტრამპის მეორე აღმასრულებელ ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ WeChat-ი ავტომატურად ითვისებს თავისი მომხმარებლებისგან უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციას. მონაცემთა შეგროვება „საფრთხეს ქმნის, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ წვდომა შეიძლება მოიპოვოს ამერიკელების პირად და დაცულ ინფორმაციაზე,“ ნათქვამია განკარგულებაში.

მიმდინარე კვირაში ტრამპი დაიმუქრა, რომ დახურავს TikTok-ს, თუკი აშშ-ში მის ოპერაციებს არ იყიდის ამერიკული კომპანია. Microsoft-მა განაცხადა, რომ განიხილავს შესყიდვის შესაძლებლობას.

TikTok-ი განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებს შორის, რომლებიც პროგრამას მოკლე ვიდეორგოლების შესაქმნელად და გასავრცელებლად იყენებენ. მას მსოფლიოში მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს.

კომპანია აცხადებს, რომ პეკინს არ აწვდის მომხმარებელთა შესახებ ინფორმაციას.

ხუთშაბათს აშშ-ის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც კრძალავს TikTok-ის გამოყენებას ფედერალური მთავრობის თანამშრომელთა მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG